"ქართული ოცნებას" თავისი შიდა კვლევებით 46,3% მხარდაჭერა აქვს
ქართულ ოცნებას პარტიის შიდა კვლევებით, 46,3%-იანი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები ხშირად სპეკულირებენ ჩვენი პარტიის ე.წ. შიდა კვლევებით და ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მათი შედეგების შესახებ.
საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს.
2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება.
დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.
წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს.
პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
- კახა კალაძე - 66,2 პროცენტი
- ნიკანორ მელია - 33,8 პროცენტი
აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება.
ასევე წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:
ქართული ოცნება |
46,3 |
ნაციონალური მოძრაობა |
23,3 |
გირჩი - მეტი თავისუფლება |
5,3 |
საქართველოსთვის |
5,2 |
მოქალაქეები |
3,3 |
სტრატეგია აღმაშენებელი |
2,3 |
ლელო |
2,3 |
პატრიოტთა ალიანსი |
2,1 |
ევროპული საქართველო |
1,4 |
გირჩი |
1,2 |
ლეიბორისტული პარტია |
0,9 |
ერთიანი საქართველო |
0,8 |
სხვა პარტიები |
5,6 |
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია.
საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:
- ქართული ოცნება - 22 მანდატი
- ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 3 მანდატი
- საქართველოსთვის - 2 მანდატი
- მოქალაქეები - 2 მანდატი
მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან 32 წევრით იქნებოდა წარმოდგენილი.
როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოში სტაბილური უმრავლესობა არის იმის აუცილებელი პირობა, რომ კახა კალაძემ შეუფერხებლად განაგრძოს 4 წლის წინ დაწყებული საქმე და დაბრკოლების გარეშე იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე.
შეჯამების სახით, აღვნიშნავთ, რომ კვლევის შედეგები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობაზე. გვჯერა, რომ კახა კალაძისა და საკრებულოში მისი გუნდის გამარჯვება ნიშნავს თბილისის გამარჯვებას და დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი