ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.
„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, -აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.
ავტორი: