ქართველი მოჭიდავე ქალი, რომელმაც რუსეთის სახელით ოლიმპიადა მოიგო
ქართველი მოჭიდავე ქალი, რომელმაც რუსეთის სახელით ოლიმპიადა მოიგო, ხუთგზის საქართველოს ჩემპიონია. ქალბატონმა, რომლისთვისაც სპორტი ყველაფერია, ასევე უამრავი ოქროს მედალი დაუტოვა საქართველოს და 18 წლის ასაკში კარიერა რუსეთში გააგრძელა. დღეს, ის რუსეთის ჩემპიონია.
ქართველი მოჭიდავე თეონა დონგუზაშვილი 1976 წელს თბილისში დაიბადა. გაიზარდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ შროშაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ის თავიდანვე გამოირჩეოდა სპორტული აღნაგობით.
1990 წელს, ბიძამ ვალერი დონგუზაშვილმა ძიუდოს წრეზე მიიყვანა. როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ ძიუდო თავისი ცხოვრების ნაწილი გახდა.
"ძალიან აქტიური ვიყავი ბავშვობიდან, ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე ფეხბურთს. ძიუდომ დიდი ინტერესი გამოწვია ჩემში. წრეზე მისვლიდან ორი კვირის შემდეგ შეჯიბრზე წამიყვანეს. 13-14 წლიანებს შორის შეჯიბრი გორში მოეწყო, საიდანაც გამარჯვებული დავბრუნდი. მოვიგე ისე, რომ ვერაფერი გავიგე, რადგან ძიუდოს ტერმინოლოგიებიც კი არ მქონდა კარგად დამახსოვრებული. ფინალში, რაღაც ილეთი გავაკეთე, რომლის სახელწოდება არ ვიცოდი, ამ ილეთმა გამარჯვება მომიტანა, თუმცა როცა ჩემი გვარი გამოაცხადეს, მეგონა არასწორი ილეთი თუ გავაკეთე და შენიშვნა მომცეს. დაჯილდოების შემდეგ მივხვდი, რომ გამარჯვებულად გამომაცხადეს. ყველაზე ემოციური და დაძაბული თამაშები გუნდური შეჯიბრებების დროს მქონდა. როდესაც ხუთ-ხუთი სპორტსმენი მონაწილეობს, ემოციები და ნერვიულობა მაშინ პიკს აღწევს. ხშირად ბოლო გამომსვლელი წყვეტს წაგება-მოგების ბედს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მე გადამიწყვეტია გუნდის ბედი, რადგან მძიმე წონის ვიყავი და თითქმის ყოველთვის ბოლოს მიწევდა გამოსვლა. ხან ვაგებდით, ხან ვიგებდით. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც 2 წამით ადრე, თითქმის წაგებული შეხვედრა მომიგია",- იხსენებს დონგუზაშვილი.
თეონამ საქართველოს არაერთი გამარჯვება მოუტანა. რამდენჯერმე იყო საქართველოს ჩემპიონი. უამრავი ოქროს და ვერცხლის მედალის მფლობელია. მისი სპორტული კარიერა 18 წლის ასაკში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასრულდა. როგორც თავად ამბობს, ძიუდოსთვის აღარავის ეცალა და ძალები რუსეთში სცადა.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძიუდოსთვის აღარავის ეცალა. ბევრად ტიტულოვან ჩემპიონებსაც კი ვეღარ ინახავდა ქვეყანა. ჩვენი გუნდიც დაიშალა. გადავწყვიტე, რუსეთში წავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა სპორტული ცხოვრება. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შემიწყვეს და დღემდე მადლობელი ვარ მათი.
პირველად ვლადიკავკასში ჩავედი და იქ დავიწყე ვარჯიში. ორი წლის შემდეგ მიმიწვიეს სანკტ-პეტერბუგში. 1999 წელს რუსეთის სახელით გავხდი ევროპის ჩემპიონი. ამის შემდეგ იყო, უფრო დიდი და რთული გამარჯვებები",- გვიამბობს მოჭიდავე.
თეონა 2004 წელს, ასევე რუსეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
" 2004 წელს ქალთა ძიუდოში მესამე ადგილის მფლობელი გავხდი, რადგან შეჯიბრის დროს ფეხზე მყესი გამიწყდა და ფიზიკურად ვეღარ შევძელი ჭიდაობა. ასპარეზობის მესამე წრეზე გამოვეთიშე თამაშს", - ამბობს თეონა.
მოჭიდავე ქალბატონის სასიყვარულო ისტორიაც სპორტს უკავშირდება. მისი მეუღლე, ყოფილი მოკრივეა და ერთ-ერთ შეჯიბრზე გაიცნო, რის შემდეგაც მოსკოვში დაქორწინდნენ.
მოჭიდავე, ამ ეტაპზე რუსეთის ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელია. საქართველოში დაბრუნება ოცნებად გადაექცა, თუმცა ჯერ ბრაზილიაში ოლიმპიადაზე გამგზავრებას გეგმავს.
ავტორი: