"ამომრჩევლებს ეტლით რომ ვხვდებოდი, გაკვირვებულები მიყურებდნენ"
ქუთაისელი ქეთი ჭიღლაძე 10 წელია, ეტლით სარგებლობს. მისთვის შეზღუდულ შესაძლებლობაზე მეტად პრობლემას შეზღუდული გარემო წარმოადგენს. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ის მაინც ახერხებს ქალაქში გასვლას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ქეთი 37 წლისაა, ქუთაისში დაიბადა, დაასრულა #37-ე საშუალო სკოლა. რამდენიმე წლის წინ მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. არასწორმა მკურნალობამ კი დროთა განმავლობაში კუნთების ატროფია განუვითარა. სკოლის დასრულების შემდეგ ქეთისთვის მთავარი სიცოცხლისთვის ბრძოლა იყო, შედეგად 27 წლის ასაკში ეტლით მოსარგებლე გახდა. საზოგადოებასთან ურთიერთობას ერიდებოდა, თუმცა ცდილობდა პრობლემებს არ გაქცეოდა.
„სახლში გამოკეტილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა დისკომფორტი ყოველთვის მქონდა, ვინაიდან საზოგადოების მზერა ჩემთვის ძალიან რთულად გადასატანი იყო. მრცხვენოდა ხოლმე გარეთ გამოსვლა. ძალიან მაკომპლექსებდა საზოგადოების მხრიდან სიბრალულისა და შეცოდების გამომჟღავნება. მეუბნებოდნენ ხოლმე, „ვაიმე, შვილო, რა საცოდავი ხარ“, „ვაი, შენს დედას, ასეთ კარგ გოგოს რა დაგემართა“ და ასე შემდეგ. ეს კი ძალიან მირთულებდა ცხოვრებას. ამის გამო ხშირად არ გამოვდიოდი გარეთ“,- ამბობს ქეთი ჭიღლაძე.
რამდენიმე წლის წინ ქეთი ურეკში ისვენებდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წევრები გაიცნო. მათთან ურთიერთობის შემდეგ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი გაუჩნდა.
„ურეკში გავიცანი შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ეტლით მოსარგებლეები. მათ დავუმეგობრდი და გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი ამ ორგანიზაციის წევრი. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება უფრო აქტიუტი გახდა. ნელ-ნელა გავიარე ადაპტაცია, უფრო მოტივირებული გავხდი, აღარ მქონდა დისკომფორტი უცნაურ მზერაზე საზოგადოების მხრიდან. ახლა ეტლი ჩემთვის გადასაადგილებელი საშუალება არის. ჩვენ არ ვართ განსხვავებულები, შეზღუდულ შესაძლებლობასთან ერთად უნარებიც გვაქვს, განათლებაც და შეგვიძლია ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთება“,- ამბობს ქეთი.
შშმ პირთა ორგანიზაციას 23 წევრი ყავს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება უფრო აქტიური გახადონ. რამდენიმე თვის წინ ორგანიზაციამ გრანტი მოიგო. თანხით საკერავი დაზგები და სხვადასხვა მოწყობილობები შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, სამკერვალოში ხშირად ვერ მიდიან. ამის მიზეზი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს ჩვენი სახელოსნო და შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, მაინც დიდი დილემის წინაშე ვდგავართ. პირადად მე, სამკერვალოში წასვლას ხშირად ვერ ვახერხებ, ვინაიდან გადაადგილება ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. გარეთ გასვლა 12 ლარი მიჯდება. ამას გარდა უნდა მყავდეს ადამიანი, ვინც ტაქსიში ჩამსვამს და გადმოსვლაშიც დამეხმარება. დღეს, მოგეხსენებათ, როგორი სიტუაციაა, ყველა სამსახურშია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მამას გაუცდენია სამსახური და მე წავუყვანივარ შეხვედრაზე, რაზეც ჩემი ოჯახის მადლობელი ვარ. ეს რუტინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის. როცა ჩემი გარეთ გასვლა აუცილებელია, მამაჩემს ვთხოვ, სამსახური გააცდინოს და გარეთ გამიყვანოს. აი, ამიტომ სამკერვალოში ხშირად ვერ დავდივარ. ჩვენ ვითხოვთ ერთ ტრანსპორტს მაინც, გვეცოდინება მისი გრაფიკი და მარტივად მოვახდენთ გადაადგილებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ თხოვნით უამრავჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, ყურადღებას არავინ გვაქცევს“,-აცხადებს ქეთი.
გარდა ტრანსპორტირებისა, პრობლემები ნამუშევრების რეალიზაციაზეც ექმნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, ასევე არაჩვეულებრივად კერავენ და ქარგავენ. მათი ნამუშევრების გაყიდვა ვერ ხერხდება.
"ჩვენ ვკერავთ არაჩვეულებრივ სამოსს, თეთრეულს და უამრავ რამეს, თუმცა ამის რეალიზაცია არ ხდება. კარგი იქნებოდა თუკი დაინტერესდებოდა ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენი ნამუშევრებით და დაგვიკვეთავს სხვადასხვა კოსტიუმებს, ფორმებს, ან რაიმე აქსესუარებს“, -აცხადებს ქეთი ჭიღლაძე.
ქეთი, გარდა ხელსაქმისა, ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებებში. მან მონაწილეობა 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო დამკვირვებლის სტატუსით. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში კი საკუთარი თავი კომისიის წევრის ამპლუაში გამოსცადა. როგორც თვითონ ამბობს, ამომრჩევლის უცნაური მზერა ბევრჯერ შეამჩნია, თუმცა ეს მას აღარ აწუხებს.
„პირველად 2013 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, დამკვირვებლად "სამართლიანი არჩევნებიდან". ახლაც ვცადე მონაწილეობის მიღება, ოღონდ არა დამკვირებლად, არამედ კომისიის წევრად. მივმართე საოლქო საარჩევნო კომისიას, პრობლემის გარეშე გავიარე 2 დღიანი ტრენინგი, ტესტირებაც წარმატებით ჩავაბარე. არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ვიყავი 70-ე უბანზე კომისიის წევრი. როდესაც ამომრჩევლებს ეტლით ვხვდებოდი, გაკვირვებულები მიყურებდნენ, არ მოელოდნენ. მათი უცნაური მზერა შეუმჩნეველი არ იყო, თუმცა ჩემთვის ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს“.
ქეთი ახლა არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. მას უკვე დაურეკეს საოლქო საარჩევნო კომისიიდან, მოთხოვნაზე დიდი სიამოვნებით დათანხმდა და 30 ოქტომბერს კვლავაც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
„ახლა ვემზადები არჩევნების მეორე ტურისთვის, თუმცა სურვილი მაქვს მქონდეს სტაბილური სამსახური. ყველგან უმაღლეს განათლებას ითხოვენ. მე კი უმაღლესი განათლება არ მაქვს, რადგან, როდესაც უნდა მესწავლა, ეს პერიოდი სიცოცხლისთვის ვიბრძოდი. ახლაც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, თუმცა უნივერსიტეტი ადაპტირებული არ არის და სად ვისწავლო?! ამიტომ ჩემთვის პრობლემა არა შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ შეზღუდული გარემოა“,-ამბობს ქეთი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქეთის კუნთების ატროფია აქვს. მისი ოპერაცია მხოლოდ თურქეთშია შესაძლებელი, თუმცა ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოპერაციისთვის მას 61 ათასი დოლარი მოთხოვეს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ქეთიმ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა და გაჩერებას არ აპირებს, წინ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც მისი თქმით, აუცილებლად შეეცდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი