ქოლცენტრების საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის - საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. საქმე ეხება ე. წ. ქოლცენტრებს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.
"განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანებისა და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.
ავტორი: ნიუპრესი