|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქონებას კაბინეტებში ყიდდნენ"- ქუთაისის ყოფილი მერი ბრალდებას პასუხობს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია გამოეხმაურა.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის  გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას დროს აუქციონები გამჭვირვალედ არ ტარდებოდა.  შუშანიამ მერიის მაღალჩინოსნისათვის ქრთამის შეთავაზების ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ამ ადამიანმა იცოდა, რომ ნებართვის მიღებისათვის მას 3 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, რაც მერიაში არსებულ კორუფციულ სქემას ადასტურებს.   შუშანიამ ამაში წინა მერის შოთა მურღულიას მმართველობა დაადანაშაულა და აღნიშნა, "რასაც მურღულია საქმიანობდა, არ იყო ამ ქალაქის კეთილდღეობაზე ორიენტირებული." შუშანიამ  მერიის ახალ შემადგენლობას  ნდობის აღდგენისაკენ მოუწოდა.

ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქუთაისის ყოფილი მერი. "2017 წელს 210 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რაც ყველა წლის რეკორდია. აუქციონების გამოცხადება ხდებოდა, როგორც მომართვიანობის საფუძველზე, ასევე სამსახურის გადაწყვეტილებით. 2017 წლის ბიუჯეტში პრივატიზებიდან  6,3 მილიონი ლარი შევიდა, რაც ყველა წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამ ფონდზე იმის მტკიცება, რომ პრივატიზების პროცესს თურმე არ ენდობიან, აბსურდია. ელექტრონული აუქციონი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ აუქციონში. იმ ხალხიდან კრიტიკა, რომლებიც ხელოვნურად არ გადადიოდნენ ელექტრონილი აუქციონის ფორმაზე და ქონებას კაბინეტებში ყიდდნენ ჩაქუჩის გამოყენებით, მიუღებელია. ამ ბატონებს ვთავაზობ მოიყვანონ მათ დროს განხორციელებული პრივატიზების სტატისტიკა და თუ ახლოს მაინც მივა 2017 წლის მონაცემებთან მზად ვარ ვაღიარო მათი უპირატესობა" -აცხადებს შოთა მურღულია.
შეგახსენებთ, შოთა მურღულია ქუთაისს 2013 წლიდან 2017 წლამდე მართავდა.
 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე