ქუჩის მხატვრობა ქუთაისში
ქუთაისში ორი წლის განმავლობაში რამდენიმე გრაფიტი შეიქმნა. ქუჩის მხატვრობა ქალაქში თანდათან პოპულარული გახდა. ხელოვნების ამ მიმართულებისადმი ინტერესი თანდათან იზრდება.
ქუთაისში ბოლო პერიოდში ქუჩის მხატვრობა, იგივე გრაფიტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქში ქუჩის მხატვრობის პირველი ნამუშევარი 2015 წელს შეიქმნა. მოიხატა ლომონოსოვის ქუჩა, რომელსაც „ჯაზის ქუჩა“ ეწოდა.
ბალახვნის დაზიანებულ კედლებს ძალიან მოუხდა ცნობილი ჯაზმენების პორტრეტები და დღემდე ტურისტებისთვის საინტერესო კუთხედ არის მიჩნეული. ჯაზის ქუჩის მოწყობის ინიციატორი რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი გახლდათ, ხოლო მხატვრობა ლია უკლებამ შეასრულა. როგორც ლია ამბობს, ჯაზი ძალიან უყვარს და ამიტომაც გადაწყვიტა მცირეოდენი სიახლე შემოეტანა ქუთაისელებისთვის, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სხვა მხატვრებისთვისაც ინტერესის საგანი გახდა. მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატა, მათ შორის ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ფესტივალ „არტ ფორუმი ქარავანის“ ფარგლებში, „მონ პლეზირთან“ მოხატული კედელია, სადაც გოგონას მულტიმედიური პორტრეტია წარმოდგენილი. გოგონას პორტრეტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფრანგმა მხატვარებმა, ვინი გრიფიტმა შეასრულა.
სულ ახლახანს, მონ პლეზირის თაღთან ქუჩის მხატვრობას კიდევ ერთი ნახატი შეემატა. ნახატის ავტორი ქუთაისელი მხატვარი გიორგი გამთენაძეა, რომელმაც პროექტში „სტრიტ არტი გარემოს დასაცავად“ გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში შეირჩა სამი ახალგაზრდა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარ ქალაქში განეთავსებიათ ნამუშევრები გარემოს დაცვის თემატიკაზე. გიორგი გამთენაძის ინსპირაციის წყაროც ბუნება და ეკოლოგიაა. მან მონ პლეზირის თაღთან, სწორედ ამ თემატიკის ნამუშევარი შექმნა, სახელწოდებით - „როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?. ახალგაზრდა მხატვრის სურვილი არის, რომ მონ პლეზირის თაღის მიმდებარე კედლები მთლიანად მოიხატოს და შეიქმნას „სთრით არტის“ დერეფანი, რისთვისაც მოლაპარაკებს მერიასთან აწარმოებს.
„შესაძლოა, სამომავლოდ მოვხატოთ ეს კედლები, ჩემი ძალიან დიდი სურვილია. ასევე ძალიან მინდა მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთო „სთრით არტის დერეფანი. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობას თუ მომცემენ, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება. გალამაზდება ჩვენი ქალაქი, გარემო და ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. რაც შეეხება ჩემს ნაშრომს, ნახატის შინაარსი ეკოლოგიას და ბუნებას ასახავს, - როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ბუნებას, იმედია, რაიმეს შეცვლის ჩემი ეს ნახატი, სხვა თუ არაფერი დაგაფიქრებთ მაინც, რომ გარემო არ უნდა დავაბინძუროთ და უნდა გავუფრთხილდეთ მას. არ მინდა ჩემი ეს ნამუშევარი, მხოლოდ ლამაზ ნახატად აღიქვან ადამიანებმა, მინდა კარგად გაიზრონ ის“, - ამბობს მხატვარი გიორგი გამთენაძე.
ქუჩის მხატვრობის განსავითარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. რამდენიმე წევრისგან შემდგარი მხატვრების ჯგუფი, კედლების გალამაზებას და საინტერესო ნახატების შექმნას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მხატვრებმა, გრიგოლ ყურაშვილმა და გიორგი გამთენაძემ, კიდევ ერთი ლამაზი ნახატი აჩუქეს ქუთაისს. მხატვრებმა ჭავჭავაძის გამზირზე კედელი გაალამაზეს. მათი თქმით, კარგია თუ მოქალაქეები მათ ნამუშევრებს არ დააზიანებენ.
„კიდევ ერთი მოხატული კედელი შეემატა ქუთაისს. იმედია, ჩვენს ამ წამოწყებას ხელს შეუწყობენ, შეძლებისდაგვარად. დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან და საშუალებს მოგვცემენ განვახორციელოთ ჩვენი სურვილები, რომ ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გავხადოთ“, - ამბობს გიორგი გამთენაძე.
მხატვარი გეგმავს, რომ ქუჩის მხატვრობის მიმართულება უფრო აქტუალური გახადოს და ძველ, ულამაზო კედლებს ახალი ელფერი შესძინოს. გრაფიტის მიზანიც, სწორედ მოსაწყენი ადგილების საინტერესო და მიმზიდველად გადაქცევაა, დამთვალიერებლისთვის. ეს სფერო დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპულ ქვეყნებში და ჩვენთანაც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.მიუხედავად სილამაზისა, ქუჩის მხატვრობა ძალიან რთულია და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი.
ქუჩის მხატვრების დიდი სურვილია მდინარე რიონის მიმდებარე კედლები, ლამაზი ნახატებით მოიხატოს, თუმცა ამისთვის ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. ადგილობრივ თვითმმართვლობაში განგვიმარტავენ, რომ მათთან გრაფიტის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონკრეტული პროექტი არ შემოსულა.
„ჩვენთან ვინც მოდის, კედელზე მხატვრობის ინიციატივით, არავის ფინანსური მხარდაჭერა არ მოუთხოვია. ისინი გვთხოვენ კედელზე მოხატვის ნებართვას. ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება ათანხმებს ზედამხედველობის სამსახურთან რამდენად არის შესაძლებელი და გადაწყვეტილების შემდეგ თუ არის შესაძლებელი მათ ეძლევათ კედლის მოხატვის უფლება“,- აცხადებენ მერიაში.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საინიციატივო ჯგუფი გეგმავს რამდენიმე პროექტის განხოციელებას, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად გაალამაზეს და ტურისტებისთვის კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი