ქუთაისელი 10 წლის ანასტასია კირთაძე ჩინეთში მსოფლიო პრიზიორი გახდა
საქართველოს ჩემპიონმა 10 წლის ქუთაისელმა ანასტასია კირთაძემ ჩინეთში გამართულ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვა.
ინფორმაციას მოჭადრაკის დედა ირმა ფანჩულიძე ავრცელებს. მისი განცხადებით, ანასტასია ჩინეთში გამართულ ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა და მსოფლიო პრიზიორი გახდა.
ირმა ფანჩულიძის თქმით, აგვისტოში ანასტასია სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩინეთში გამგზავრებაში კი ქალაქის მერია, ჭადრაკის ფედერაცია დაეხმარენ.
"უნდა აგვერჩია საგზური, ჩვენ ავირჩიეთ ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება, სადაც ანასტასიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩინეთში გამგზავრება კი აღარ შეგვეძლო. ქუთაისის მერიამ დანაპირები შეასრულა და ანასტასიას ჩინეთში გამგზავრება დააფინანსა, ასევე დაგვეხმარნენ იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია და ერთ-ერთი კომპანია. 55 ქვეყნის 91 მონაწილედან მხოლოდ ერთმა ევროპელმა შეძლო პრიზიორი გამხდარიყო, რაც მნიშვნელოვანი შედეგია" - განაცხადა ირმა ფანჩულიძემ.
ჩინეთის ჩემპიონატი 2019 წლის 20 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოდან ჩემპიონატში 7 ბავშვი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, წელს ანასტასიამ რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსების უქონლობის გამო წასვლა ვერ შეძლო. ამის შესახებ "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოყვა.
წარმატებული ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე უფულობის გამო ვერ წავიდა
ყველა ბავშვი ყველა ტურნირზე ვერ დაფინანსდება - ჭადრაკის ფედერაციაში განმარტებას აკეთებენ
ავტორი: ნიუპრესი