|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ფეხბურთელის წარმატება ესპანეთში

ქუთაისელი ილია ახვლედიანი ფეხბურთს 7 წლიდან თამაშობს. თამაში ქუთაისში, მწვრთნელ მამუკა მანაგაძის გუნდში დაიწყო, მეორე გუნდთთან გაერთიანების შემდეგ ილიამ ქუთაისში 5 წელი ითამაშა.
13 წლის ასაკში კი ესპანეთში, კერძოდ კი, ბარსელონაში გადავიდა, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ ვარჯიშობდა, რისი მიზეზიც საჭირო დოკუმენტების უქონლობა იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ილიამ პრობლემები მოაგვარა და მისი წარმატებებიც დაიწყო. რამდენიმე გუნდის გამოცვლის შემდეგ,  ილია ესპანურ საფეხბურთო გუნდ “Europa”-ში თამაშობდა. ქართველი აგენტის დახმარებით ბასკეთში, კერძოდ კი, ბილბაოში „Sociedad Deportiva Deusto“-ში გადავიდა. ახვლედიანზე ესპანური პრესა აქტიურად ალაპარაკდა, როგორც თვითონ "ნიუპრესთან" საუბრისას განაცხადა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ესპანურენოვან რადიოში მიიწვიეს, სადაც სამომავლო გეგმებზე და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც ქართულ და ესპანურ ფეხბურთში არსებობს.

ილიას ყოფილი გუნდის მწვრთნელი ვალტერ პანდიანი რამდენიმე გაზეთში მიცემულ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავდა, რომ  ის საკმაოდ კარგად თამაშობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდა. ილიას თამაშითა და ფიზიკური მონაცემებით მისი ახალი მწვრთნელიც მოხიბლულია.

“აქამდე საფეხბურთო კლუბ „ევროპაში“ ვთამაშობდი, ქართველი აგენტის დახმარებით კი ბილბაოში, „Sociedad Deportiva Deusto“-ში გადავედი. გუნდის მწვრთნელს ძალიან მოსწონს ჩემი ფიზიკური მონაცემები, კერძოდ კი სისწრაფე.  ეს ინფორმაცია კი აქაურ სპორტულ გაზეთ „cantera deportiva“-ში დაიბეჭდა. ახალი გუნდში 3-4 თამაშის შემდეგ აქაური რადიო  „cadena ser“-დან დამიკავშირდნენ. მკითხეს, როგორ შევეგუე ახალ გუნდელებს, ქართულ-ბასკური კავშირების შესახებაც მესაუბრნენ. მითხრეს, რომ ქართველებსა და ბასკებს ერთმანეთთან დიდი კავშირი აქვთ და საერთო სიტყვებიც გაგვაჩნია, ამ კავშირზე გაზეთში დაწერილ სტატიაშიც იყო საუბარი“, -აღნიშნა ახვლედიანმა.

ილიამ რადიოში ქართული ფეხბურთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანური ფეხბურთის მეორე დივიზიონის დონეზეა ქართული ფეხბურთი. მისი ერთ-ერთი სურვილი კი საქართველოში ნაკრებში თამაშია.  

„რადიოში ქართული ფეხბურთის შესახებაც მკითხეს. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ესპანეთის მეორე დივიზიონის დონეზეა. ჩემი ერთ-ერთი სურვილი კი საქართველოს ნაკრებში თამაშია“, -განაცხადა ახვლედიანმა.

 

 სამომავლო გეგმებზე საუბრისას ქუთაისელი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი უფრო მეტი წარმატება და ახალი დონეების ათვისებაა.

„სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, ვნახოთ ახალ სეზონში რა და როგორ იქნება, საიდან მექნება შემოთავაზებები. ჩემი მთავარი მიზანია უფრო მაღალ საფეხურზე ავიწიო, სადაც შევძლებ ჩემი კარიერის შედარებით მაღალ დონეზე გაგრძელებას, სად იქნება ეს, მნიშვნელობა არ აქვს“, -აღნიშნა ახვლედიანმა.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა