|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი იუმორისტის მოგონებები და "სიცილის კარდიოგრამა"

„სიცილის კარდიოგრამა“–ამ სახელწოდების წიგნში გააერთიანა ვაჟა ჭყონიამ საკუთარი მოგონებები და ქუთაისური იუმორი ამგვარად შემოინახა.   ვისაც ქუთაისურ იუმორზე სმენია, მან ვაჟა ჭყონიაც იცის და მისი ხუმრობებიც.  არადა მეგრული გვარის იუმორისტის ოჯახი ქუთაისში გურიიდან ჩამოვიდა, ალბათ, ამიტომაცაა მისი იუმორი გამორჩეული.

 ყველასათვის საყვარელი იუმორისტი რამდენიმე წელია, ავადმყოფობის გამო სახლიდან იშვითად გადის. მთელს დღეს თავის დარიკოსთან ერთად ატარებს. ამბობს, რომ მან გააძლებინა ამდენი ხანი და კიდევ შვილიშვილების სიყვარულმა. ოთხი შვილიშვილის ბაბუა მხიარულად იმეორებს პატარა შვილიშვილის ნათქვამ ფრაზებს. "იცით რა მკითხა, ბაბუა კერძო თვალში ნამდვილად ვერ იხედებიო? სასწაული ბავშვია, სასწაული".

 სახლში მეუღლესთან ერთად დაგვხვდა. მისვლისთანავე გვკითხა, ვიცოდით თუ არა, რა გვარი იყო მისი მეუღლე. ვისაც ვაჟა ჭყონიას შესახებ სმენია, იცის, რომ მისი ხუმრობების ადრესატი ხშირად სწორედ მისი მეუღლე იყო, ამიტომაც მისი გვარიც კარგად ვიცოდით.

„წუნკლები არიან ფხაკაძის ქალები,"-  იხუმრა და მეუღლეს ყავის მოხარშვა თხოვა. თვითონ კი ჩვეულ სტილში დაიწყო ხუმრობა.

„სამი წლის წინ "ბაღისკიდემ" იუბილე გადამიხადა, ბევრი მეგობარი შეიკრიბა, კარგად მასხოვს ეს დღე. იმის მერე ავად გავხდი და აგერ სამი წელია, გარეთ არ გავსულვარ. იმ მოლხენის ბრალია ვითომ, რომ არ გადამეხადა, ავად არ გავხდებოდი?“–სევდანარები იუმორით თქვა ვაჟა ჭყონიამ და მეუღლის მიერ შემოტანილ ყავაზე დაგვპატიჟა.

ქალბატონ დარეჯანსაც დავუძახოთ მეთქი, რომ ვუთხარით, იხუმრა – „არა იყოს, მაგი ნამყოფია აქანაო“ და ყავა მოსვა.

"55 წელი გვისრულდება ერთად ყოფნის, ხო აზრზე ხართ, რას გავუძელი ფხაკაძის ქალის ხელში? ერთხელ გამებუტა და სამი დღე ხმა არ გამცა, გადამრია. დავდიოდი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში, რამდენი ოთახი კი მქონდა, არც ბავშვები იყვნენ სახლში. დარეკა ტელეფონმა. ვუცდიდი, რომ ეპასუხა, არ აიღო ყურმილი, მივედი და გამითიშეს. რა ვიცი, ვინ იყო, მე კი გავაგრძელე საუბარი: "რავა ბრძანდებით, ქალბატონო... ორ საათში? კი, ბატონო მეთქი და ვითომ დაღონებული სახით დავდე ყურმილი"... 
დარიკო ქსოვდა და სვიტრის ცალი სახელო,  სხვა დროს 10 წუთს რომ ანდომებდა, ახლა წუთში მოქსოვა ცნობისმოყვარეობით გაგიჟებულმა...  ყურმილი დავდე და ჩემთვის ვაგრძელებ: "რა ვქნა, ა?"

- ვინ იყო, ხომ მშვიდობაა? –ვეღარ მოითმინა და მკითხა, იფიქრა ბავშვების გამო ხომ არ რეკავდნენ.

- დედაშენი იყო და მთხოვა, აგიყვანო მასთან, ძაან მონატრებიხარ-მეთქი... არადა, ჩემი სიდედრი ათი წლის წინ გარდაიცვალა და ოღასყურის სასაფლაოზეა...

რომ ჩაირთო, ხმა გამცა კი არა, ორი დღე მწყევლიდა დარიკო და ესეც მსიამოვნებდა, ოღონდაც არ გაჩუმებულიყო..."

რა თქმა უნდა, რესტორან „თეთრი ქვების“ დირექტორობისა და მისი "შავი კლიენტების" ამბის გარეშე ვერ წამოვიდოდით.  ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ გაეხსნებინა, როგორ ჩააბარეს ქუთაისში ერთადერთი და წარმატებული რესტორანი.

„რესტორნის დირექტორობის ჩასაგდებად ხალხი მილიონებს ხარჯავდა. მე კი  სამსახურში მოსაწყობად ფული არასოდეს მიმიცია ვინმესთვის. ერთხელ დამიბარეს და  დამნიშნეს რესტორან "თეთრი ქვების" დირექტორად, მაშინ ქალაქკომის მდივანი იყო ბატონი ნუგზარ რუხაძე. როგორც მერე გავიგე, მისი კანდიდატურა ვყოფილვარ. შემომითვალეს, გაშალე სუფრა სახელი შევურჩიოთ რესტორანსო. რად უნდოდა სახელის დარქმევას 25 კაცი, მაგრამ საქეიფო მიზეზს ეძებდნენ და თავს შევირცხვენდი? გადაწყდა, "თეთრი ქვები" დავარქვათ რესტორანსო, ჩემთვის ჩავილაპარაკე, "თეთრი ქვები და შავი კლიენტები-მეთქი". სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ ბატონმა ნუგზარმა გაბედა ხმის ამოღება: ბატონო ვაჟა, ჩვენ სტუმრების რომელ კატეგორიაში ვითვლებითო? შევცბი და წითლები მეთქი ვუპასუხე, ისეთი სიცილ–ხარხარი ატყდა, გადავურჩი დაჭერას. არაერთი სახელოვანი სტუმარი მივიღეთ რესტორანში. განსაკუთრებით, უცხოელი სტუმრები გვიყვარდნენ. მაგენი ხომ იცი, როგორ იკვებებიან, ცოტას მოკიკნიან და ეგაა. მთელი სუფრა რჩებოდა თითქმის ხელუხლებელი, ვქეიფობდით და დროს ვატარებდით",–იხსენებს ვაჟა ჭყონია.

 ქუთაისის ქომაგს დღევანდელი ქუთაისი არ მოსწონს. ამბობს, რომ ურთიერთობები გაცივდა და დღეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ.

"სადღაა არიან მეგობრები, უმეტესობა წავიდა უკვე, აღარ არიან და ქუთაისის განუმეორებელი ხიბლიც გაიყოლეს. უბედნიერესი კაცი ვიყავი, მათ ვცნობდი. სულ სხვანაირი იყო ქუთაისიც, დღეს ლანძღვა–გინების მეტი არაფერი ისმის. გარეთ არ გავდივარ და ალბათ კარგიც არის, რომ არ მესმის და ვერ ვხედავ ამ ყველაფერს".

დამშვიდებაც მხიარული აღმოჩნდა, ჩვენს დასაყოვნებლად ახალახალ იუმორს იხსენებდა. ბოლოს დათქმული დროის გასვლის შემდეგ წასვლის ნება დაგვრთო და გვითხრა, "გაძლევთ სრულ უფლებას, ამ ამბებიდან, რაც გინდათ, ის დაწეროთ".

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი