|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მხატვარი პოლიტიკოსების პორტრეტების გამოფენას გამართავს

 ქუთაისელი მხატვარი ლევან გოგიტაძე, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი მის მიერ შექმნილი ქუთაისის მერის პორტრეტით გახდა, პოლიტიკოსების პორტრეტების გამოფენას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ნახატების ფოტოებიც განათავსა.  

 მხატვარს უკვე შესრულებული აქვს ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ზვიად გამსახურდიას, გრიგოლ ვაშაძის, კახა კალაძის, გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას პორტრეტები. როგორც თავად აცხადებს, ეს ნამუშევრები მან ერთ კვირაში შექმნა. 

"ნიუპრესი" მხატვარ ლევან გოგიტაძესთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

-რა გახდა ამ ნამუშევრების შექმნის ინსპირაცია და რამდენი პორტრეტი გაქვთ უკვე შექმნილი?

-8 ნამუშევარი მაქვს ჯერჯერობით შესრულებული. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ გამიცნოს ხალხმა, ვინც ჩვენზე იყო განაწყენებული და ჩირქი მომცხეს, ისე, რომ არ გვიცნობდნენ, ჩემს ოჯახს არ იცნობდნენ. რაც მთავარია, იქნება ქველმოქმედება.

-ქველმოქმედება რა ფორმით გამოიხატება?

-ვინ იყიდის ამ ნახატებს? რა თქმა უნდა,  ის, ვისი პორტრეტიცაა. ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნახევარი  მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახებს გადაერიცხება.

-კიდევ აპირებთ, რომ გააგრძელოთ პოლიტიკოსების სერია? გამოფენა როდის იქნება, სად და რამდენი პორტრეტი გამოიფინება?

-ხატვას ვაგრძელებ, 15-20 პორტრეტი იქნება, ალბათ, ვერ გეტყვით ზუსტად. ჩვენ გვინდა ჯერ გამოფენა გავმართოთ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში და თბილისში.

-ბატონი ჭიღვარიას პორტრეტი თუ გამოიფინება?

-არა, უკვე იყო გამოფენილი და რამდენჯერ უნდა გამოვფინო? ეს ნახატი კერძო საკუთრებაა და თვითონ თუ მოინდომებს, გამოფენს.

-თქვენ გაქვთ სურვილი, რომ გამოიფინოს?

-ჩემთვის სულ ერთია, არ აქვს მნიშვნელობა.

-გიგა შუშანიას პორტრეტის დახატვას თუ აპირებთ?

-არა, შუშანია არ დაიხატება.

"მადლიერების გამო დავხატე" -იტალიაში გამოფენილი ქუთაისის მერის პორტრეტი კრიტიკის მიზეზი ხდება [VIDEO] 

"გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი ქუთაისში გალერეა "ვარლაში" გამოიფინება"

"გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი არცერთ გამოფენაზე არ გამოიფინება"-ქუთაისის მერია

ავტორი: ირინა მაკარიძე