|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ოცნება აიხდინა ქუთაისელმა "სტრონგმენმა" კოტე ჯანაშიამ?

ქუთაისელი კოტე ჯანაშია მსოფლიოს სამ უძლიერეს მამაკაცს შორისაა.  სპორტის უცნობი სახეობით 10 წლის წინ დაინტერესდა, შეჯიბრება ტელევიზიით ნახა და გადაწყვიტა, "ამერიკული ოცნება" საქართველოში აეხდინა.

"სტრონგმენმა" მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე "ნიუპრესთან" ისაუბრა.

კოტე ჯანაშიამ რამდენიმე დღის წინ მანჩესტერში გამართულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი წარმატება მიითვალა. უძლიერესი ქართველი მამაკაცი ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა და ვარჯიში დაჭირდა.  

"28 წლის ვარ, ვარჯიში 10 წლის წინ დავიწყე, როდესაც ამერიკული სპორტის შესახებ გავიგე.  ტელევიზორში შეჯიბრება იყო, დავინტერესდი, მომეწონა და დავიწყე ვარჯიში, გადავწყვიტე, პატარა საქართველოში "ამერიკული ოცნება" ამესრულებინა. რთულია, 6 წელი დამჭირდა პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, ყოველდღიური შრომაა", - განაცხადა კოტე ჯანაშიამ. 

"სტრონგმენი" არაერთი ჯილდოს მფლობელია. რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შარშან ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე, მოყვარულებში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, არის მსოფლიო პრიზიორი,  რეკორდსმენი. თვლის, რომ მანჩესტერში გამართულ ჩემპიონატში უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო, ამისთვის ფიზიკურადაც მზად იყო, თუმცა შეცდომების გამო ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

პირველად ამერიკაში 2015 წელს წავიდა. ერთი წლის განმავლობაში  ნიუ-ჯერსის და ოჰაიოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად, ფედერაციის პრეზიდენტია და  დარბაზში ახალგაზრდებს ავარჯიშებს.  მოსწონს, რომ მისი წარმატება ახალგაზრდებისთვის მოტივაცია გახდა. თავად ერთადერთი ქართველი "სტრონგმენია" ამ ეტაპზე, რომელმაც ამ სახეობაში ძალები მოსინჯა და წარმატებას მწვრთნელის გარეშე მიაღწია. 

"ფედერაცია 2009 წლიდან არსებობს. ვცდილობთ, გვქონდეს დაფინანსება და განვითარება სახელმწიფოს მხრიდან.  ის დონე არაა, რაც გვინდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეტი პოპულარობით სარგებლობდეს. ჩემი წარმატება მოტივაცია გახდა ახალგაზრდებისთვის, ვგრძნობ, ბევრ თბილ შეტყობინებას ვიღებ და უნდათ, ისეთივე წარმატებული იყვნენ, როგორც მე გავხდი. მიხარია, რომ გვყავს პერსპექტიული სპორტსმენები", -განაცხადა კოტე ჯანაშიამ.

ამბობს, რომ ფიზიკური მონაცემები ბევრს ნიშნავს. ამ სახეობაში წარმატებას რომ მიაღწიო, ძალასთან ერთად სიმაღლეც საჭიროა.

კითხვაზე, მისი ვიზუალი ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს ხომ არ აუშლის, აღნიშნავს, რომ ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა, გარეგნობის გამო მეტსახელი აქვს. მას "ქართველი ხარი" შეარქვეს და წლებია, ამ სახელით ასპარეზობს.

სპორტსმენი ვარჯიშს აგრძელებს,  სპორტის ეს სახეობა სხვადასხვა სირთულის შეჯიბრს მოიცავს. ესაა: მოუხერხებელი მორის აწევა, შტანგის ამოწევა, საბურავის გადატრიალება, ჰერკულესის სვეტების დაჭერა და ატლასის ქვები.

მომდევნო ჩემპიონატი 13-16 ივლისს ფლორიდაში გაიმართება. ეს მასშტაბური ტურნირია, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდება. ქუთაისელი "სტრონგმენის"  მთავარი მიზანი ოქროს მედლის მოპოვებაა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი