ქუთაისელმა მათემატიკის მასწავლებელმა განათლების მინისტრს ღია წერილი მიწერა
ქუთაისელმა მათემატიკოსმა, დიმიტრი გოშხეთელიანმა განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართა, სადაც მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის, როგორც თავად აცხადებს, დანაშაულებრივ საკითხებზე რეაგირებას სთხოვს.
"ცნობილი ფაქტია, რომ დღეს ჩვენს სკოლებში მათემატიკური განათლების მიღება დიდ პრობლემას წარმოადგენს, უწინარესად, არასწორად შედგენილი სტანდარტის, პროგრამისა და განსაკუთრებით, სახელმძღვანელოების გამო. ისინი ელემენტარულ დონეზე ვერ პასუხობს სასკოლო განათლების მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ხელისშემშლელია მოსწავლის განვითარებისათვის. სამწუხაროდ, გრიფირების პროცესის შედეგად წლების მანძილზე არსებულ სახელმძღვანელოებს ისევ მიენიჭა გრიფი და სკოლებში კვლავსავალდებულო სასწავლო რესურსად იქცა. ბატონო მინისტრო, მაფიქრებს ინერტულობა და უმოქმედობა იმ ადამიანებისა (მეცნიერები, პედაგოგები, საზოგადო მოღვაწეები, მშობლები, მოსწავლები...), რომლებიც სინამდვილეში ხმას უნდა იღებდნენ...
გამოდის, რომ სახელმძღვანელოს გრიფირების დროს მას ექსპერტები ან არ კითხულობენ, ან მათ არ იციან სტანდარტი, ან მიკერძოებას აქვს ადგილი. სამივე შემთხვევაში კრიმინალთან გვაქვს საქმე", -წერს განათლების აკადემიური დოქტორი დიმიტრი გოშხეთელიანი.
მისი ინფორმაციით, ხშირად მათემატიკისა და ფიზიკის პროგრამები შეუთავსებელია, კერძოდ, ფიზიკა იყენებს ისეთ საკითხს მათემატიკიდან, რომელიც მოცემულ მომენტში მოსწავლეს არ აქვს გავლილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფიზიკისა და მათემატიკის პროგრამების გადახედვის აუცილებლობას.
ქუთაისელი მასწავლებლის განცხადებით, არსებულმა უვარგისმა სახელმძღვანელოებმა (დაწყებული პირველი კლასიდან) პრობლემა შეუქმნა მასწავლებლებსაც.
ავტორი: ნიუპრესი