|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს დაკარგავს"

ქუთაისის აეროპორტთან "ტურისტული ცენტრის"- სასტუმროების მოწყობის შესახებ პრემიერის განცხადებას  ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე გამოეხმაურა. თევდორაძის განცხადებით, ამ იდეის განხორცილების შემთხვევაში  ქალაქი   ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს დაკარგავს.

 

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ საკუთარი ახლობლების ჯიბის შევსებითაა  დაკავებული. პრაქტიკულად, ქვეყანაში აღარ დარჩა სფერო, რომლის სადავეები ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ხელში არ იყოს მოქცეული. მნიშვნელოვანი გახდა ქუთაისის ტურიზმის თემა.  მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირულად და სკეპტიკურად უყურებდნენ ეს ადამიანები ქუთაისში საერთაშორისო აეროპორტის იდეას, ხედავენ, რომ ამ იდეამ გაამართლა და ვიღაცას აქედან მიღებული შემოსავლების ხელში ჩაგდება მოუნდა. დღეს ქალაქის მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო ამ აეროპორტის მეშვეობით ჩამოსული ტურისტებია. სხვადასხვა დაწესებულებები, გასართობი, კვებითი მნიშვნელოვნად არის მასზე დამოკიდებული. ქუთაისში ამ ბოლო დროს მომრავლებული ჰოსტელები და ოტელები სწორედ ამას უკავშირდება. 

ეს ტურისტები, რომლებიც ქუთაისში ჩამოდიან, არიან ტრანზიტად ჩამოსული, რომლებიც მიდიან ან სვანეთში, ან დედაქალაქში, სამთო და საზღვაო კურორტებზე და ერთ ან ორ ღამეს ათევენ ქუთაისში, თუ ტურისტული ჰაბი კოპიტნარის აეროპორტთან მოეწყობა, მაშინ ამ ადამიანებს ქუთაისში შემოსვლა აღარ მოუწევთ, ამით ქალაქი ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს დაკარგავს, მაგრამ სამაგიეროდ, ვიღაცა მოითბობს ხელს, და ძნელი მისახვედრი არაა, ვინ იქნება ის. ქალაქი კი, რომელსაც პარლამენტი და მასთან ერთად განვითარების შანსი წაართვეს, რომელსაც ამდენი წელი პირდებიან და აბუჩად იგდებენ ჰაერში გამოკიდებული ტექნიკური უნივერსიტეტის იდეით, მესამე ძალიან მნიშვნელოვამი დარტყმა იქნება, თუ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს დაკარგავს"-განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში გია თევდორაძემ.

 შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2019 წელს ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით.  

 

"2019 წელს ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი"- გიორგი კვირიკაშვილი

 

ავტორი: ირინა მაკარიძე