|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი უნდა იქცეს რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

ქუთაისი უნდა იქცეს რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, უნდა მოხდეს მათი დეკონცენტრაცია რუსთავსა და ქუთაისში.  

„ამ რეფორმის არსზე საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია, გვქონდა დეტალური პრეზენტაცია, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, რომ თქვენ წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ რეფორმის კონცეფციის შინაარსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის 7 გამოწვევა, რომელსაც ეს კონცეფცია ეფუძნება, ასევე შვიდი შესაბამისი ამოცანა, რომელიც არის დასახული უმაღლესი განათლების რეფორმის სფეროში.

პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას. ეს არის გამოწვევა არა იმდენად კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რამდენადაც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში და ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. მათ შორის, კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის და მათ შორის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისათვის, რომლებიც დგას კონკრეტული ქალაქებისა და რეგიონების წინაშე განსაკუთრებული სიმძაფრით. დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის ამ პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, ძირითადად ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია და გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ ორი ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე - ესაა ქუთაისი და ეს არის რუსთავი, უფრო კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც დაეხმარება ამ მნიშვნელოვან ქალაქს განვითარებისთვის და შექმნის ახალ შესაძლებლობას ამ ორი ქალაქისთვის. ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის დედაქალაქი - თბილისი და გვინდა, რომ ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამისათვის ქუთაისში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასევე გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში, ეს არის ამოცანა. ვფიქრობთ, სადღაც, 60 %-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40 % უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება,“- განაცხადა კობახიძემ.

 

ავტორი: