ქუთაისის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად შოთა მიშველაძე დასახელდა
ქუთაისში 2017 წლის ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე 130 სპორტსმენი და მწვრთნელი იყო მიწვეული.
სპეციალურმა კომისიამ ქუთაისის ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის ხელმძღვანელობით, ქუთაისის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი- ძალოსანი შოთა მიშველაძე დაასახელა.
დაჯილდოების ცერემონიალზე მიშველაძეს გიორგი იობაშვილმა საუკეთსო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.
ქუთაისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი ზვიად პატარიძე დასახელდა.
საუკეთესო პარასპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი მკლავჭიდელ ზურაბ ბუცხრიკიძეს გადაეცა.
აღნიშნული სპორტსმენების გარდა, გამოვლინდა ქუთაისის 2017 წლის წარმატებული სპორტსმენების ათეული, რომელშიც შემდეგი სპორტსმენები მოხვდნენ: როინ კვასხვაძე (ფეხბურთი), მირზა სხულუხია (თავისუფალი ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), დავით ხეცურიანი (ძალოსნობა), გიორგი ჭოლაძე (თავისუფალი ჭიდაობა), კონსტანტინე ჯანაშია (სტრონგმენი), ვახტანგ ახობაძე (მკლავჭიდი), ნინო ჩიხლაძე (უშუ), ბეთქილ ონიანი (მკლავჭიდი), გივი მარგველაშვილი (ძალისმიერი სამჭიდი).
2017 წლის საუკეთესო გუნდად საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ,,ტორპედო“ დასახელდა, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.
წლის გუნდებად დაასახელეს: ფრენბურთში კაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ქუთაისი“. ქალთა საფეხბურთო გუნდი ,,მართვე“ და ქალ ჰოკეისტთა გუნდი ,,უქიმერიონი“.
სპორტსმენებისა და გუნდების გარდა დაჯილდოვდა ქალაქის 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ათეულიც.
სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ქალაქის მერი სპორტსმენების დაჯილდოებას ვერ დაესწრო.
ავტორი: ნიუპრესი