"ბიუჯეტის პროექტის განხილვა რეალურად არ მომხდარა"- გიგა შუშანია
ქუთაისის საკრებულოს სხდომა, სადაც ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, "ნაციონალური მოძრაობის" დემარშით დაიწყო.
ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, საკრებულომ დაარღვია თვითმმართველობის კოდექსი და დასამტკიცებლად წარმოადგინა ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვა რეალურად არ მომხდარა. ნაციონალების უკმაყოფილების მიზეზი გახდა ასევე ისიც, რომ უმრავლესობამ ბიუჯეტის პროექტში არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი ინიციატივები.
“პროექტში შესული ცვლილებები მხოლოდ სიტყვიერად წარუდგინა მერის მოადგილემ დეპუტატებს კომისიის სხდომაზე და პროექტის რეალური განხილვა არ მომხდარა. ბიუჯეტი არ ასახავს ქუთაისელთა საჭიროებებს, არ არის ეს მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტი და მისი დამტკიცების დაჩქარების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე გაზრდილი ხელფასები თვის ბოლომდე აეღოთ მერიის თანამშრომლებს“, -აღნიშნა შუშანიამ.
ბიუჯეტის პროექტისათვის მხარდაჭერას არ აპირებენ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, თუმცა მათ სხდომა არ დაუტოვებიათ.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. მათი თქმით ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლოდან ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის, ასევე ის განიხილეს საკრებულოს კომისიებმა, არასამთავრობოებმა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა.
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 54 მილიონ ლარს შეადგენს.
ქალაქის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 8 მილიონ ლარს ელოდება.
ავტორი: ნიუპრესი