|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია

გასულ წელთან შედარებით ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია, - აცხადებს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა, ვიზიტორებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გამხდარა.

"თუ გასულ წელს ბოტანიკური ბაღის ვიზიტორების რაოდენობა საშუალო  თვეში დაახლოებით 1 000-მდე იყო,  წელს კი იმავე პერიოდში 2 500 არის.  შიში იმის შესახებ, რომ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესება მოქალაქეებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნებოდა, არ გამართლდა. თუმცა, ამით არც ეკონომიკური ეფექტი მიგვიღია, მაგრამ ამაზე არც იყო გათვლილი", -განაცხადა  თემურ ჩეჩელაშვილმა.

 მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მაისიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში ბაღში ვიზიტორებისაგან 20 ათასამდე ლარია შესული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 ათასი ლარი შემოვიდა. 

თანხების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ბოტანიკური ბაღის დირექტორი მექორწილეთა რაოდენობის შემცირებას ასახელებს, რომლებმაც, მისი თქმით, წყალტუბოსკენ გადაინაცვლეს, სადაც ახლადრეაბილიტირებულ პარკში, განსხვავებით ბოტანიკური ბაღისა, ვიზიტი უფასოა. ამასთან, თუ ადრე ბაღში შესვლა ფასიანი მხოლოდ უცხოელებისათვის იყო და მისი ფასი 5 ლარს შეადგენდა, 2017 წლის მაისის შემდეგ ბაღში შესვლა  უცხოელებისა და ადგილობრივებისათვის გათანაბრდა და ერთ ლარი გახდა.  განსხვავებული ტარიფია დაწესებილი ფოტოსესიებისა და მექორწილებისათვის. 

 შმმ პირების, სოციალურად დაუცველებისა და 7 წლამდე ბავშვებისათვის ბაღში შესვლა უფასოა. 

 ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორების მოსაზიდად სხვადასხვა შესაძლებლობებს განიხილავს.

 შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღი "მედეა" ქუთაისის მერიის ააიპს წარმოადგენს. 

 

  

 

ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს "მედეა" დაერქმევა

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე