|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბულვარში დღეს „ევრო სოფელი“ მოეწყობა

ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ევროპის დღე რეგიონებიდან, ევროპის დღეების ფარგლებში, პირველად ქუთაისში აღინიშნება. ღონისძიებები ქალაქის ბულვარში დღეს 16:00 საათზე დაიწყება.

მოეწყობა „ევრო სოფელი“ - რომლის ფარგლებშიც შედგება სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა ღია ცის ქვეშ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. სიმულაციის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობის შესახებ.

იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო დოკუმენტებს, იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს და მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

ავტორი: ნიუპრესი