"კაფეს გვართმევენ" - აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში აქცია მიმდინარეობს. ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები" მათთვის კაფის წართმევის მცდელობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, კაფე წლებია მათ საკუთრებაშია, ახლა კი მერია მის იჯარით გაცემას გეგმავს.
"კაფე ჩვენია, წლებია აქ ვმუშაობთ. გვაქვს დოკუმენტები, მაგრამ, როგორც გავიგეთ, 2012 წელს მერიამ ბულვარი კაფეს გარეშე დაარეგისტრირა, ამის შესახებ ორი წლის შემდეგ გავიგეთ. საქმე სააპელაციო სასამართლოშია. ახლა კი მერიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო - გვთავაზობენ ჩვენი კაფე იჯარით ავიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დანგრევას აპირებენ", -განაცხადეს კაფეს მეპატრონეებმა.
ოფიციალური დოკუმენტებით, კაფე კერძო საკუთრებაშია, თუმცა ბულვარი, სადაც კაფეა, მერიის ბალანსზეა.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადაცემა არ შეიძლება. მისი თქმით, მერია კაფეს მეპატრონეებს სთავაზობს შენობა იჯარით აიღონ, რაზეც თანახმა არ არიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი