"სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ, პარლამენტი ბევრად ჩამოუვარდება, თუნდაც პოლიციას"
ქუთაისის მერიამ სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციას ქალაქის სამსახურების, გუბერნიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, დოკუმენტი „შუალედური ვერსიაა“ და მასთან დაკავშირებით მზად არიან ყველა ინიციატივა მიიღონ და განიხილონ. ქალაქის მერის განცხადებით, არ შეიძლება ქალაქი მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდეს.
„ჩვენ დღემდე ვცდილობდით, ბუნებრივად გამოკვეთილი პრიორიტეტები დაგვეფინანსებინა. გეგმის მიხედვით, 7 ძირითადი მიმართულება გამოვკვეთეთ, რომელიც იქნება პრიორიტეტი ქალაქის განვითარების. სტრატეგიის მიზანია ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ლიდერ ქალაქად ქცევა“, -აღნიშნა მურღულიამ.
გეგმა 2020 წლის ჩათვლით არის განსაზღვრული და როგორც აღვნიშნეთ, 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია; ქუთაისი, როგორც დასავლეთ საქართველოს მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი, განათლების ცენტრი, სამედიცინო ცენტრი, რეგიონის ტურისტული ჰაბი, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის ცენტრი, ქუთაისის, როგორც მცირე ინდუსტრიების ცენტრი და ბოლოს, კულტურისა და სპორტის ცენტრი.
პრეზენტაცია ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა წარმოადგინა, რომლის განმარტებით, დოკუმენტზე მუშაობა გასული წლის მაისში დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში მათ მოუწიათ არა მხოლოდ არსებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, არამედ ახალი მონაცემების შექმნა. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია. პაატა კლდიაშვილმა ყველა მიმართულება განიხილა და აღნიშნა, თუ რა პერსპექტივები აქვს ამ მხრივ ქალაქს. როგორც აღინიშნა, მთავარ ხელსაყრელ წინაპირობას ქუთაისისათვის მისი გეოგრაფიული მდებარეობა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დააანონსა სამხრეთ საქართველოსა და სვანეთის მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა, ასევე, ქუთაისის აეროპორტიდან მსოფლიოს ქალაქებში იაფი ფრენების შესაძლებლობა.
შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისი უკვე არის ადმინისტრაციული ცენტრი, რადგან ქალაქში 20-მდე უწყება მდებარეობს, რომელიც მომსახურებას უწევს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს.
მერი მომხრეა, რომ ქალაქში მეტი სახელმწიფო უწყება იყოს. რაც შეეხება პარლამენტს, როგორც შოთა მურღულიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ადმინისტრაციული ორგანოების არსებობა მნიშვნელოვანია იმდენად, თუ რა ოდენობის სამუშაო ადგილს ქმნის ის. ამ მხრივ, პარლამენტი ბევრად ჩამოუვარდება, თუნდაც პოლიციას.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ქუთაისი განთლებისა და სამედიცინო მომსახურეობის მხრივ ისედაც არის რეგიონის ცენტრი. ბათუმი ქუთაისს სტუდენტების რაოდენობის მხრივ 50%-ით ჩამორჩება. სამედიცინო მომსახურეობას კი ქუთაისი რეგიონის 700 ათას ადამიანს უწევს.
ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს ქალაქის ბრენდირება და მის ცნობადობის გაზრდა. რაც შეეხება ვაჭრობის ცენტრს, აღნიშნა, რომ ქალაქს აქვს განვითარების პერსპექტივა სამხრეთით, ავტობანის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია სპეციალური ზონების- მიწის ნაკვეთების გამოყოფა სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობისათვის.
"ნიუპრესთან" საუბარში პრეზენტაცია „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ასისტენტ - პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ შეაფასა. მისი თქმით, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა ქალაქის ხელისუფლებამ. აქ ჩანს, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რაც სასიკეთოთ აისახება ქალაქის განვითარებისათვის.

ავტორი: ირინა მაკარიძე



11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















