ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭოს სხდომებს დეპუტატი რელიგიური შეხედულებების გამო არ ესწრება
ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს განსახილველი თემები დეპუტატ ნანა კოსტავასთვის ნაწილობრივ მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილი გახდა, კოსტავა სხდომებს გენდერული თემებისადმი პირადი დამოკიდებულების და რელიგიური გრძნობების გამო არ ესწრება.
ნანა კოსტავა ჩვენთან საუბარში ნაწილობრივ ადასტურებს, რომ საბჭოს მიერ განხილული რიგი თემები მისთვის მართლაც მიუღებელია, თუმცა, საბჭოს მუშაობას დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და საბჭოს წევრად რჩება.
„მე პირველ რიგში ვარ ქალი, დედა, შვილები მყავს და მათ გამო ვერ დავდიოდი საბჭოს სხდომებზე და ეს იყო გაცდენის მიზეზი, თუმცა ჩემთვის მიუღებელია გათანაბრება ყველა დონეზე. ნაწილობრივ გეთანხმებით, რომ თუნდაც რელიგიური გრძნობების გამო მიუღებელი იყო რიგი საკითხები, რაც საბჭოში გაჟღერდა გენდერის კუთხით. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ვფიქრობდი კიდეც დატოვებას, მაგრამ ჩემი პარტიის ხელმძღვანელმა ამიხსნა, საბჭოს წევრებმაც მითხრეს, თუ რაზე იყო საუბარი და ჯერჯერობით, ვრჩები საბჭოს წევრად და ვაგრძელებს მუშაობას, მაგრამ არის რიგი საკითხები, რაც არ მომწონს, თუნდაც, საბავშვო ბაღში ბიჭი რომ აიღებს თოჯინას, მესმის, რომ არ უნდა წავართვათ და არ ვატიროთ, მაგრამ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა, მივცეთ თოფი, ბურთი, მანქანა. გავათანაბრო პატარა ბავშვი, გოგონა და ბიჭი? ეს, რაც უნდა ტალახი მესროლონ, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს იქნება. რაც უნდა იძახონ, რომ შავბნელი აზრები მაქვს და ცივილიზაცის და გლობალიზაციის მომხრე არ ვარ, ეს ჩემი მენტალიტეტია, ჩემი აღზრდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობაა - უფალმა, პირველ რიგში, შექმნა ქალი და მამაკაცი, არ უთქვამს, რომ ამათ არ აქვთ განსხვავებული სქესი და როგორც გინდა აირჩიე ისე... ეს უნდა შეთანხმდებს ამ საბჭოში და მე ყველანაირად გვერდში დავუდგები ყველას“, –განაცხადა ნანა კოსტავამ.
კითხვაზე, თავიდანვე რატომ შევიდა საბჭოში, პასუხობს, რომ საბჭოს შიგნით არსებული თემების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც საბჭო მუშაობას შეუდგა. კოსტავა თვლის, რომ მიუხედავად გარკვეული შეუთანხმებლობისა, საბჭო ბევრ საჭირო თემაზე მუშაობს, ამიტომ ამ დროისთვის მის დატოვებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
გენდერულ საბჭოში 21 წევრიდან საკრებულოს 7 დეპუტატია, ამათგან 4 ქალი დეპუტატია, საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობს. საბჭოში ასევე მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები მუშაობენ.
ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერულის საბჭო ორწლიან გეგმაზე მუშაობს, რომლის საფუძველზეც ქუთაისის მუნიციპალური გენდერული განვითარების დოკუმენტი უნდა შემუშავდეს.
გეგმა ოთხბლოკიანია და საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას მოიცავს, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგანამანათლებლო ნაწილს, თუ როგორ აისახება ახალგაზრდულ პროექტებში გენდერული თემების წახალისება, ასევე როგორია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ თემების პილოტირება და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სფეროს გენდერული პარამეტრები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები საბჭოს დებულებაში, რომელთა საფუძველზეც საბჭოში გაჩნდა ახალი თანამდებობა - მდივანი, ასევე საბჭოს წევრისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები და ახალი წევრების მიღების წესი განისაზღვრა.
ავტორი: ნიუპრესი