ქუთაისის მერია კორპუსების სარდაფებში არსებული პრობლემით დაინტერესდა
ქუთაისში მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების კანალიზაციების რეაბილიტაცია მოხდება. სამუშაოებისთვის მერიამ 50 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, კანალიზაციის ქსელის მოწესრიგება 17 კორპუსში მოხდება.
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს არსებული ქსელის დემონტაჟს, ახალი მილების გაყვანას და სარდაფებიდან ფეკალური წყლის ამოტუმბვას.
კორპუსებში, სადარბაზოების პრობლემაზე რამდენიმე თვეა საუბრობს საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი მერაბ მეშველიანი. მისი თქმით, კორპუსების სარდაფებში წლებია წყალი დგას და საფრთხეს უქმნის შენობებს.
"წლებია ბინების სადარბაზოებში წყალი დგას, 80-იანი წლებიდან იწყება ეს პრობლემა და მდგრადობის პრობლემას ქმნის. ასევე სარდაფები სავსეა ნარჩენებით, არიან მღრღნელები და მწერები. ჩვენ მოვითხოვთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შევიდეს ეს პროექტი და მომართვიანობის შემთხვევაში, მოხდეს წყლის ამოტუმბვა. დაახლოებით 100 000 ლარია, რისი მოძიებაც მერიას, ნების შემთხვევაში, არ გაუჭირდება და მოხდება წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემის მოგვარება", -აცხადებდა მერაბ მეშველიანი.
მეშველიანი ასევე მერიის პასუხზეც საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ პრობლემას თუ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადააბარებდნენ, დროში გაჭინურდებოდა და რეალურად არ მოგვარდება.
საკითხი, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივა იყო, ადასტურებდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია. მისივე განცხადებით, მრავალსართულიან ბინებში არსებული პრობლემები შესწავლას საჭიროებს.
"თუ გამოვლინდა, რომ სარდაფებში წყალი დაზიანებული მილების გამო დგება, მაშინ ეს არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივა. უნდა მოხდეს მილების შეცვლა, ასევე პრობლემას ქმნის ავზების ავსების დროს უყურადღებობა, ხშირად ავზებიდან ჩაედინება წყალი სარდაფებში, ამიტომ ამხანაგობები უნდა ჩაერთონ ამ საქმეში. წყლის ამოტუმბვა არ წარმოადგენს პრობლემას. არსებობს სპეციალური დანადგარები, თუ ამხანაგობა მოითხოვს და მიმართავს ქალაქს, მოხდება ადგილზე მისვლა. რაც შეეხება მდგრადობას, ეს არის მერაბ მეშველიანის შეფასება, იმისთვის, რომ შემოწმდეს, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
მეშველიანი მერიას თხოვდა, პროექტი გათვალისწინებული ყოფილიყო 2019 წლის ბიუჯეტში. როგორ მოხდა პროექტი 2018 წლის ბიუჯეტში და როგორ შეირჩა კორპუსები, ამ თემით „ნიუპრესი“ დაინტერესდა.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე განმარტავს, რომ პროექტი პროგრამა "კორპუსის" ქვეპროექტია და თანადაფინანსებით ხორციელდება. დაფინანსების 10 % მოსახლეობაზე მოდის, 90%-ს მერია ფარავს. მისი თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ ჩავარდა.
"პროექტის ბიუჯეტი 50 000 ლარია. რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ ჩავარდა და მესამედ გამოცხადდა. პროექტი მოიცავს დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, მილების შეცვლას და სადარბაზოებიდან წყლის ამოტუმბვას. ბინების შესწავლას ვახდენთ მომართიანობის შესაბამისად. ეს პროექტი აქამდეც არსებობდა ბიუჯეტში, უბრალოდ ჯერ ხდებოდა საჭირო რაოდენობის განცხადებების შეგროვება"-განაცხადა ჯონი არაბიძემ. მისი თქმით, ბინები სწორედ მოსახლეობის მომართვიანობის მიხედვით არის შერჩეული.
მერიის მიერ პროგრამა "კორპუსში" სადარბაზოებიდან წყლის ამოტუმბის კომპონენტის დამატებას გამოემხაურა და დადებითად აფასებს მერაბ მეშევლიანი. მისი თქმით, აუცილებელია, ეს კომპონენტი ცალკეც ამოქმედდეს და იმ ბინებში, რომელთაც უკვე მოუგვარდათ კანალიზაციის პრობლემა, ასევე მოგვარდეს წყლის ამოტუმბის პრობლემაც, რადგან მოსახლეობა ვერ აგვარებს და პრობლემად რჩება.
"ბინების სარდაფებში წყალი დგას, რაც მდგრადობის პრობლემას ქმნის"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი