"ქუთაისის მერია წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს ააიპებში ასაქმებს"-გოგი წულაია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცადებით, ქუთაისის მერია წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს ააიპში ასაქმებს. ამის შესახებ, წულაიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. წულაიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ აიპებში "ქართული ოცნების"ის წევრები დაასაქმა, რომლებსაც სამსახური წინა არჩევნების დროს დაპირდნენ.
"ამ ხელისუფლებას რამე მოთხოვო, ეს არის წყლის ნაყვა და მეტი არაფერი. მე, უბრალოდ, მოსახლეობას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერიამ ააიპებში "ქართული ოცნებს" წევრები ჩვენი ბიუჯეტიდან დაასაქმა. ისედაც გადატვირთული მერია კიდევ უფრო დატვირთეს ახალი თანამშრომლებით. ეს ადამიანები არიან "ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებიც წინა არჩევნების შემდეგ, დაპირების მიუხედავად, არ დაასაქმეს. ახლა კი 90-მდე ადამიანი მიიღეს, რადგან არჩევნები მოდის და ის გაბრაზებული მომხრეები შემოირიგეს",-აღნიშნა წულაიამ.
შეხვედრაზე წულაიამ მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტი წარმოადგინა. მასში აღნიშნულია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 10 თანამშრომელი, შტატგარეშედ 3. ააიპ სპეციალურ სერვისებში - 30 შტატგარეშე, ააიპი კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულაში- 15 შტატგარეშე, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში -12 შტატგარეშე, ააიპ მადლიერების სახლში -2 შტატგარეშე, ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში -17 შტატგარეშე თანამშრომელი.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ "აბსურდულ ბრალდებებზე გოგი წულაიას უპასუხო, ზედმეტი პატივისცემა იქნება მისთვის".
ავტორი: ანი ლიპარიშვილი