|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იმყოფებოდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ესტუმრა და მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ირინე ლომინაძესა და დირექტორ ზურაბ ოიკაშვილთან ერთად გაეცნო.

მინისტრს სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება.

თინათინ რუხაძემ დაათვალიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიც. მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი თავაძესა და დასის წევრებთან შეხვედრისას თეატრის ახლანდელ მდგომარეობასა და  გამოწვევებზე, ასევე პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ქუთაისში სამუშაო ვიზიტით მყოფი კულტურის მინისტრი ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსაც ესტუმრა. თინათინ რუხაძემ დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძესა და სხვა თანამშრომლებთან ერთად მუზეუმის უნიკალური კოლექცია დაათვალიერა და ორგანიზაციის საჭიროებებს გაეცნო.

ავტორი: