ქუთაისის მერია: "ყინულის მოედანი არ უქმდება"
ქუთაისის მერია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ყინულის მოედნის გაუქმების შესახებ. ქუთაისში „ყინულის მოედანი“ არ უქმდება. ყინულის მოედანი დაექვემდებარა ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას, როგორც სხვა სპორტული სკოლები.
"აღნიშნულის გამო მნიშვნელოვნად მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რაც აისახება მხოლოდ მენეჯმენტში არასწორად გაწერილი და გაბერილი შტატებითა და სახელფასო განაკვეთით არსებული მდგომარეობით. რაც შეეხება სპორტულ ჯგუფებს, დაგეგმილ შეჯიბრებებს და ნებისმიერ აქტივობებს ყველაფერი უცვლელად დარჩება. ბავშვებისათვის ყველა სერვისი ისევ იქნება უფასო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ხმები „ყინულის მოედანი“-ს გაუქმების შესახებ არასწორია და ემსახურება მიზანმიმართულ პროვოკაციას",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის აიპი „ყინულის მოედანი“ ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ააიპის გაბერილი შტატებით და ხარჯთაღრიცხვით გასულ წელს საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე დაინტერესდა. საკითხის შესახებ "ნიუპრესმა" ვრცელი წერილი მოამზადა.
ავტორი: ნიუპრესი