|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი" დაარღვია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მერიამ გასული წლის 12 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი მესამე რაუნდზე შეწყვიტა და ამით კერძო კომპანიას ტენდერის მოგების შესაძლებლობა წაართვა.

„12 დეკემბერს გამოაცხადეს 498 600 ლარიანი ტენდერი გარეგანათებისა და შუქნიშნების მოწესრიგებაზე, 21 დეკემბერს შეაქვს ცვლილება ტენდერში და მზადყოფნას გამოთქვამს გამარჯვებულის გამოსავლენად, ტენდერში მონაწილეობდა ორი პირი, გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა 3 იანვარს, როდესაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, მერიამ გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა ტენდერი და გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამით დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი“, რადგან შესყიდვების სააგენტოს ტენდერის შეწყვეტის შესახებ უნდა ეცნობოს ათი დღით ადრე, თუ მერია დეკემბრის ბოლოს მზადყოფნას გამოთქვამდა ტენდერის გაგრძელებაზე, შესაბამისად, მას შეწყვეტა განზრახული არ ქონდა“,-აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის თქმით, ეს არის მერიის მიერ ბიზნესსაქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გარეგანათების მოვლა-პატრონობისთვის მერიამ ახალი ააიპი დააფუძნა. „ნაცვლად იმისა, რომ მერია კონკურენციის და ვაჭრობის მომხრე იყოს და ეხმარებოდეს ბიზნესს განვითარებაში, თავად შედის ბაზარზე და ააიპს ქმნის, რითაც თავად იღებს ვალდებულებას გარეგანათების მოწყობაზე. ეს მიუთითებს ერთ რამეს, თუ არ ხარ მერიის სასურველი კომპანია, მაშინ შენ ჩამოგაშორებენ ბაზრიდან და იძულებული ხდები, შეწყვიტო საქმიანობა. მერია თავად გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას, შექმნის ახალი ააიპს, რომელსაც დასჭირდება ახალი შენობა, ახალი ტექნიკა და თანამშრომლები, რაც, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარზე შეიქმნება“, -განაცხადა გია გოქაძემ.

ბრალდებას ქუთაისის მერიაში მოგვიანებით უპასუხებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი