ქუთაისის მერიას კინოფესტივალის პროექტის მოპარვაში ადანაშაულებენ
ქუთაისის მერიას პროექტის მოპარვაში ადანაშაულებენ, რის გამოც, შესაძლოა, სასამართლო დავაც დაიწყოს. საქმე ეხება მერიის კულტურის განყოფილების მიერ დაანონსებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს.
ყოფილი კინო „ბრაზერსის“ მფლობელი, ბიზნესმენი ლევან ჭავჭანიძე ამტკიცებს, რომ ფესტივალი, რომლის დაწყებასაც მერია რამდენიმე კვირაში ანონსებს, მისი პროექტია და ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა მერიაში, თუმცა მერიამ დაფინანსებაზე უარი უთხრა. ჭავჭანიძე ასევე განმარტავს, რომ ფესტივალი უშუალოდ კულტურის განყოფილების უფროსის მირანდა კუპრავას და მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის მიერ დაიბლოკა. ამავდროულად ირწმუნება, რომ თამთა თურმანიძე, რომელიც პროექტს კურატორობს, მის პროექტს დასცინოდა, ახლა კი პროექტი ერთი–ერთზე გადაიღო, ისე რომ მისი სახელიც კი არ შეცვალა.
„როდესაც გავიგე მერიის დაანონსებულ პროექტზე, გავეცანი და ვნახე, რომ ჩვენი პროექტის ანალოგიურია. 2016 წლის სექტემბრის ბოლოს შევიტანეთ მერიაში. მერმა მოიწონა და კულტურის სამსახურში გადაგვამისამართა. სამსახურის უფროსის მოადგილეებმა თამთა თურმანიძემ და მირანდა კუპრავამ აბუჩად აგვიგდეს და იცინოდნენ, როდესაც პროექტს ვაცნობდით. მიუხედავად მერის მოწონებისა, პროექტი არ დაფინანსდა. როდესაც სამსახურის უფროსს ვაჟა ჯუღელს ვკითხე, მითხრა– „რა ვქნა, ვავალებ მოადგილეებს და არ აკეთებენო“. ასე ჩაიშალა ეს პროექტი, უარის შესახებ ოფიციალური პასუხიც არ მიგვიღია. ახლა პროექტი მოიპარეს და მიისაკუთრეს. ანალოგიურია, სახელიც იგივე ქვია, „თეთრი ხიდი“, ვადაც ნოემბერი გვქონდა განსაზღვრული, რომ მეცლია, ალბათ, ლოგოსაც ჩვენსას დაადებდნენ. ჩვენ გვეწერა, რომ კინო ცენტრთან უნდა გვეთანამშრომლა და ესეც გადაიღეს, იქ იყო კიდევ რაღაც ნიუანსები, მაგრამ, ალბათ, ვერ "გაქაჩეს" და რაც გაიგეს, ის გადმოწერეს. ეს პროექტი მისმა ავტორმა ჩვენ გვაჩუქა, ჯერ მისთვის არ მითქვამს და ახლა რომ გაიგოს, ალბათ, გადაირევა. ამას ასე არ დავტოვებთ და სასამართლოს მივმართავთ“, –განაცხადა ლევან ჭავჭანიძემ. მისი თქმით, მისი ნათქვამის დასტურად, შესაძლოა, 2016 წლის სექტემბერში შესული პროექტები შეისწავლონ.
„ნიუპრესის“ არქივში არსებობს მასალა, რომელიც 2017 წელს არის გამოქვეყნებული. იქ ლევან ჭავჭანიძე ნამდვილად საუბრობს ფესტივალზე სახელწოდებით „თეთრი ხიდი“. აქვეა მირნადა კუპრავას პასუხი, რომელიც ადასტურებდა, რომ პროექტი საინტერესოდ არ მიიჩნია და არ მოეწონა, თუმცა ამბობდა, რომ დაფინანსება მასზე არ იყო დამოკიდებული.
ლევან ჭავჭანიძის თქმით, მერიის მიერ პროექტის დაბლოკვის და უპერსპექტივობის გამო კაფე კინო „ბრაზერსმა“ მუშაობა ვეღარ გააგრძელა და დაიხურა.
აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს 2017 წლის მასალიდან
ბრალდებას უარყოფს მერიის კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურმანიძე. მისი თქმით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი უკვე არსებობდა 2015 წლის ბიუჯეტში,თუმცა იმ წელს პროექტი ვერ განხორციელდა.
"ამ ქალაქში ინვესტიციას აღარასდროს განვახორციელებ"-კინოთეატრის ბედი ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი