|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია კითხვის ნიშნებს აჩენს"-გიორგი სანტურიანი

ქუთაისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია კითხვის ნიშნებს აჩენს- მიიჩნევს "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქუთაისის მერიაში ცხრავე სამსახურის უფროსმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავადვე დაწერა განცხადება აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეესაბამებოდა დაწერილი განცხადებები მათივე რეალურ ნებას.

სანტურიანის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლადარჩეულ მერებს წაერთვათ მერიის თანამშრომლების დასაბუთების გარეშე გათავისუფლების უფლებამოსილება.

"2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმოადგენს პროფესიულ მოხელეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისათვის და მისი გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადით დანიშვნა ან/და სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლება, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას იწვევს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლადარჩეულ მერებს წაერთვათ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლების უფლებამოსილება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის საკუთარი უფლებების დაცვის მეტი გარანტია შექმნა.

თუმცა, ამის საპირისპიროდ, ქუთაისის მერიაში ცხრავე სამსახურის უფროსმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავადვე დაწერა განცხადება, რაც ნამდივალ აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეესაბამებოდა დაწერილი განცხადებები მათივე რეალურ ნებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს კანონმდებლობის დაცვით და ის ძველი თანამშრომლების გათავისუფლებას არ ისახავდეს მიზნად", -აცხადებს სანტურიანი.

შეგახსენებთ, ქუთაისის არჩეული მერმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების პირველსავე დღეს, 29 ნოემბერს  მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ 9-ვე სამსახურის უფროსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მერმა 5 მათგანის განცხადება დააკმაყოფილა, 4 სამსახურის უფროსი კი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. 

მერიამ უკვე გამოაცხადა ვაკანსიებზე კონკურსი, კონკურსი გამოცხადდა ასევე ქალაქის საკრებულოში.  

ავტორი: ირინა მაკარიძე