|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტული ცენტრის წინ არსებულ სკვერში ღია ბიბლიოთეკა მოეწყობა

ქუთაისის ტურისტული ცენტრის წინ არსებულ სკვერში ღია ბიბლიოთეკა მოეწყობა,-  ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განაცხადა.

შეხვედრა,  რომელიც ქუთაისის მერიაში გაიმართა, სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული პროექტის შეფასებას ეხებოდა. პრეზენტაციას ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კლდიაშვილის თქმით, ქუთაისის ტურისტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება, ხოლო რაც შეეხება მის წინ არსებულ სკვერს, იქ ღია ბიბლიოთეკა მოეწყობა, ასევე ჩაირთვება უფასო ინტერნეტი.

კლდიაშვილის თქმით,  მერიას უკვე სამჯერ მოუხდა აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია, რადგან ხშირია იქ დამონტაჟებული განათების დაზიანება.


რაც შეეხება გასულ წელს სამსახურის მიერ პრივატიზების გეგმის შესრულების ჩავარდნას, კლდიაშვილი ამას საარჩევნო წელს უკავშირებს, რაც მისი თქმით, ინვესტორთა აქტივობაზე ცუდად აისახა.

საერთო ჯამში კი, გასულ წელს ქუთაისის მერია  211 ათას კვადრატული მეტრი ფართობის ქონება გაასხვისა. მათ შორის, როგორც შენობა-ნაგებობები, ისე მიწის ნაკვეთები. ქონების  პრივატიზებიდან 3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხერხდა. 

 მერიის წარმომადგენლის განცხადებით, გასულ  წელს გაცილებით მეტი თანხა შევიდა ბიუჯეტში ადგილობრივი მოსაკრებელიდან. ჯარიმებიდან შემოსულმა თანხამ კი 19 ათას ლარი შეადგინა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი