ქუთაისის მერიის წინ ოპოზიციის აქტივისტები და მერიის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ქუთაისის მერიის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს ქალაქის ბულვარში გაშლილ კარავში მყოფი აქტივისტები და მერიის ზედამხედველიბის სამსახურის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილისა და თამარ ჟვანიას გამოსახულებით, სტიკერების დაკვრა იყო, რისი საშუალებაც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის ცენტრალური ბაღის შესასვლელ თაღებზე სტიკერების უკანონო განთავსების მცდელობა აღკვეთა.
"ზედამხედველობის სამსახური მოქმედებდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმადაც, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში აკრძალულია სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი", - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, კარავში მყოფი აქტივისტები 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი