"ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში 22 გადარიცხვაა გაკეთებული"
ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში - 29 მარტს 22 გადარიცხვაა გაკეთებული - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა.
მისი თქმით, მერია ადამიანებს შერჩევით აფინანსებს. "დახმარება უნდა მათ მიეცეთ, ვისაც კანონით ეკუთვნის და არა პირადი ურთიერთობების მიხედვით"-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.
მისი თქმით, სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების ფონზე საჭირო დახმარება სტიქიით დაზარალებულმა ადამიანებმა ვერ მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ ამ 22 გადარიცხვიდან მარტო მისი შუამდგომლობით 7 გადარიცხვაა მოთხოვნილი.
"დღეში ხანდახან 10 ადამიანი მოდის და მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით"-განაცხადა ლატარიამ.
ავტორი: ირინა მაკარიძე