"ქუთაისში ახლადმოწყობილი სკეიტ პარკი დაზიანებულია"
ქუთაისში ახლადმოწყობილი სკეიტ პარკი დაზიანებულია-ინფორმაციას "ლეიბორისტული პარტია" ავრცელებს.
პარტის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ გახსნილი, 200 000 ლარად მოწყობილი პარკი უკვე დაზიანდა.
"პარკი, რომელიც ზეიმით გაიხსნა და რომელიც, თურმე პირველი თანამედროვე სკეიტ პარკია საქართველოში, დაზიანებულია. აქ არსებული ატრაქციები, საფარი და ღობე მოშლილია. ჩვენ ვაჩვენეთ ეს პარკი სპეციალისტს და გვითხრა, რომ არ არის ხარისხიანად შესრულებული. ყველა ელემენტს დაზიანება აქვს დაწყებული, ამასთან, მოშლილია შემოღობვა, რის გამოც პარკში ანტისანიტარიაა. პროექტის გარანტია ოთხი წელია და ხელშეკრულებაში წერია, რომ კომპანია "დაკს" ვალდებულება აქვს გამოასწოროს აპრობლემები. მოვუწოდებთ თვითმმართველობას, დროულად მოახდინონ რეაგირება, ვიდრე განადგურდება. მერს ტრადიციად ექცა საბიუჯეტი სახსრების გაფლანგვა და წყალში გადაყრა, რის გამოც აუცილებლად მოეთხოვება პასუხი"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას განცხადებით, ეს არის ნათელი მაგალითი, იმისა რატომ არ უნდა იყოს გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი.
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერი კორუფციულ გარიგებებშია კომპანიებთან, რადგან მათ აძლევენ ასე უხარისხოდ მუშაობის უფლებას. გიორგი ჭიღვარიას უნდა ეყოს გამბედაობა და დატოვოს თანამდებობა"-განაცხადა სამსონ გუგავამ.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ თვითმმართველობის შესაბამის სამსახურის ინფორმირებულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაზიანებული ღობის შეკეთება და ხარვეზის გამოსწორება.
ქუთაისში მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ სკეიტ პარკი 2018 წლის აგვისტოში გაიხსნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი