ქუთაისის ოპერის თეატრი 50-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით გახსნის
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 50-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით გახსნის. 14 სექტემბერს პიეტრო მასკანის შედევრის - ერთმოქმედებიანი ოპერის “სოფლის ღირსების” პრემიერა გაიმართება.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება 2009 წლის დადგმის აღდგენილ-განახლებული ვერსია.
"სოფლის ღირსება" იტალიელი მწერლის ჯოვანი ვერგას ნოველაა, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება ერთი დილის - აღდგომის დილის განმავლობაში, რამაც ძალზე მიიზიდა პიეტრო მასკანი. ლიბრეტოს შექმნაზე მუშაობდნენ ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გვიდო მენაში. "სოფლის ღირსების" პრემიერას 1890 წლის 17 მაისს რომში ტრიუმფული წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ოპერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა და ვერიზმის მხატვრული პრინციპების, შემოქმედებითი პოზიციის ფართო გავრცელებას შეუწყო ხელი.
ქუთაისის ოპერის თეატრში სპექტაკლის განახლებაზე დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) იმუშავეს.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
სპექტაკლის აღდგენა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
წარმოდგენა 19.00 საათზე დაიწყება.
ქუთაისში პირველად საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიმართება
ავტორი: ნიუპრესი