ქუთაისის ოპერის თეატრმა 50-ე თეატრალური სეზონი "სოფლის ღირსებით" გახსნა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ერთმოქმედებიანი ოპერის “სოფლის ღირსება” პრემიერა გაიმართა. ამით თეატრმა 50-ე თეატრალურ სეზონი გახსნა.
თეატრმა 2009 წლის დადგმის აღდგენილ-განახლებული ვერსია წარმოადგინა. მთავარ როლებში მონაწილეობენ თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
ქუთაისის ოპერის თეატრში სპექტაკლის განახლებაზე დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) იმუშავეს.
სპექტაკლის აღდგენა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ავტორი: ნიუპრესი