ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "რიგოლეტოს" პრემიერა გაიმართა
ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“ პრემიერა გაიმართა.
საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტებმა არმაზ დარაშვილმა (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანმა (რიგოლეტო), გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილმა (ჯილდა) მიიღეს.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობდნენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.
სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, თეატრის ახალი მთავარი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.
"ვერდის ოპერა "რიგოლეტო" საკმაოდ უყვარს ქუთისელ მაყურებელს, მისი პირველი პრემიერა ქუთაისში 1972 წელს შედგა, მას შემდეგ მოთხოვნა იყო, რომ ისევ დადგმულიყო ეს სპექტაკლი. ეს განხორციელდა წელს, ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო ჩატარდა", - განაცხადა თეატრის მთავარმა რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ.
„რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
დღეს თეატრის გახსნიდან 48 წელი შესრულდა.
ავტორი: ნიუპრესი