|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლას, შესაძლოა, სასამართლომ ჯარიმა დააკისროს

ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლა,  შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე  დაჯარიმდეს. დაახლოებით 15-მა სკოლამ უკვე მიიღო სასამართლოს უწყება მოსალოდნელი სასამართლო პროცესის შესახებ.

საქმე ეხება ორგანიზაცა "შშმ პირთა ასოციაციის" მიერ საჯარო ინფორმაციების გამოთხოვას სკოლებიდან.

სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიიღეს ელექტრონული გზავნილი ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი ტატიშვილის მიერ, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს ითხოვდა საჯარო ინფორმაციის ფორმატში. სკოლებმა მათ წერილობითვე აცნობეს, რომ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა ინფორმაციების მოცულობის გამო დამატებითი დრო ითხოვეს, რაზედაც მიიღეს თანხმობა.  რამდენიმე დღეში კი მიიღეს სასამართლო უწყება, რომ "შშმ პირთა ასოციაცია" მათთან სასამართლო დავაში შევიდა. სკოლის წარმომადგენლებმა მიზეზთა გამო ვინაობის გასაჯაროება  არ ისურვეს.

საქმეში ჩაერთო განათლების რესურს ცენტრი. რესურს ცენტრის დირექტორის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, ამ დროისთვის გაფრთხილება დაახლოებით 15-მა სკოლამ მიიღო.

„ამ დროისთვის, მხოლოდ სასამართლო უწყებები მიიღო სკოლებმა. პროცესიც ალბათ, მალე გაიმართება. რაც შეეხება ამ პიროვნებას, წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ითხოვს საჯარო ინფორმაციას და რომელსაც ვუთხარით, რომ მივაწვდიდით ამ ინფორმაციას, თუმცა მიმართა სასამართლოს. არ ვიცით, რად უნდა ეს ინფორმაცია. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან სასამართლო არ ჩატარებულა და არ ვიცით, შედეგები რა იქნება“, - განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.

არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია რამდენიმე რეგიონის სკოლებიდან გამოითხოვა. როგორც გიორგი ტატიშვილმა „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, მისი ორგანიზაცია ახორციელებს მონიტორინგს სხვადასხვა დაწესებულებებში, ამჯერად საგანამანათლებლო დაწესებულებები შეირჩა.

ორგანიზაციის „შშპ პირთა ასოციაცია“ მიერ რამდენიმე რეგიონში მოქმედ სკოლებს ეცნობათ ელქტრონულად  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რაზედაც სკოლებმა დამატებითი დრო მოითხოვეს, თუმცა როგორც ტატიშვილი აცხადებს, კანონი მათ ავალდებულებს საჯარო ინფორმაცია 10 დღეში გასცენ.

„ჩვენსა და სკოლებს შორის ნამდვილად შედგა საუბარი ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. დავთანხმდით იმ ვადაზე, რაც მათ მიაჩნდათ გონივრულად სამუშაოების ჩასატარებლად, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღის ვადისა . კანონი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ავალდებულებდათ მათ, პასუხები 10 დღეში მოეწოდებინათ უმრავლეს შემთხვევაში სკოლების მიერ საერთოდ არ არის მოწოდებული ინფორმაცია . ჩვენ, რომც მიგვეცა მათთვის დრო, ისინი კანონს მაინც არღვევდნენ, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტს, დაეკისროთ თუ არა მოპასუხეებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტატიშვილის სახელზე საჯარო რეესტრში მრავალი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ამჯერად ინფორმაცია "შშმ პირთა ასოციაციის"სახელით გამოითხოვა და სკოლებს ამ ორგანიზციის სახელით ედავება სასამართლოში. 

კანონი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მაქსიმალურ დროს - 10 დღეს ადგენს. ვადაგადაცილების შემთხვევაში ინფორმაციის მომთხოვნს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს. სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა აღნიშნულმა ორგანიზაციამ და მოითხოვა მასალა სკოლებიდან, რომელიც რამდენიმე წლის რამდენიმე ასეულ ხელშეკრულებას გულისხმობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის იურისტის თეონა გორდაძის თქმით, დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ გასცეს, მაგრამ თუ მას სჭირდება დამატებითი დრო, ამ შემთხვევაში იყენებს 10 დღეს.  

"მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს. 10 დღის გადაცილების დროს კი ის დაწესებულება ავტომატურად არღვევს კანონს.  ამ შემთხვევაში ინფორმაციის მომთხოვნს შეუძლია მიმართოს სასამართლოს",-განაცხადა გორდაძემ. გორდაძის თქმით, დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სკოლას, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. მოსამართლე გაითვალისწინებს ამ ვადაგადაცილებით მიადგა თუ არა ზიანი ორგანიზაციას, რომელმაც ინფორმაცია გამოითხოვა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა