ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რაგბის კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ქუთაისში, სარაგბო ბაზა „აია არენაზე“ გაიმართა.
მემორანდუმს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.
„ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება რაგბის განვითარება, საუნივერსიტეტო სპორტის კუთხით. ვფიქრობთ, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა როგორც KIU-ს სტუდენტებისათვის, ისე რაგბის კავშირისათვის“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტში რაგბის განვითარების ხელშეწყობას, მის პოპულარიზებას, მორაგბეების სპორტული კვალიფიკაციის ამაღლებას, სამოყვარულო და პროფესიულ დონეზე ახალგაზრდების დაინტერესებას/ჩართვას სპორტის ამ სახეობაში, ასევე, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ავტორი: ნიუპრესი