ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების განცხადება საპატრიარქოს
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის დანგრევასთან დაკავშირებიც საპატრიარქოს და ეპარქიას განცხადებით მიმართავს.
newpress.ge განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„საქართველოს საპატრიარქოს, ქუთათელ-გაენათის ეპარქიას, მოგმართავთ უკიდურესი შეშფოთებით ქუთაისის საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საგუბერნიო ციხის ტერიტორია აუქციონის წესით შეძენილია კერძო სამშენებლო კომპანიის მიერ და ამჟამად მიმდინარეობს ძველი ნაგებობების დემონტაჟი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული საპატიმრო სამლოცველო, რომელიც იმდროინდელი სტანდარტით ციხეს აუცილებლად უნდა ქონოდა.
ისტორიული ცნობების მიხედვით, სავარაუდოდ წმინდა ნიკოლოზის საკვირველმოქმედის სახელზე იყო ნაკურთხი და ემსახურებოდა პატიმართა სულიერ მსახურებას. მიგვაჩნია, რომ ეს სამლოცველო წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ ელემენტს, არამედ მნიშვნელოვან საეკლესიო და სულიერ მემკვიდრეობას. მისი განადგურება ნიშნავს ისტორიული მეხსიერების, ეკლესიის სოციალური მისიისა და ქალაქ ქუთაისის სულიერი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას. გთხოვთ:
1. დაუყოვნებლივ შეისწავლოთ აღნიშნული სამლოცველოს ისტორიული და კანონიკური სტატუსი;
2. საჯაროდ დააფიქსიროთ საპატრიარქოსა და ეპარქიის პოზიცია მის შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით;
3. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კულტურული და საეკლესიო მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;
4. განიხილოთ სამლოცველოს კონსერვაციის, აღდგენის ან დაცვითი სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. ვთვლით, რომ ეკლესიის პოზიცია ამ საკითხში გადამწყვეტია. საპატრიარქოსა და ეპარქიის ჩართულობა არა მხოლოდ სულიერი პასუხისმგებლობაა, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიგნალიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.
ქუთაისი ისტორიულად არის ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი საქართველოში. შესაბამისად, ქალაქში არსებული ყოველი ტაძარი — მოქმედი თუ ისტორიული — წარმოადგენს საერთო ეროვნულ და საეკლესიო ფასეულობას.
გთხოვთ, აღნიშნული საკითხი განიხილოთ გადაუდებლად და მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო რეაგირების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეკლესიის ჩართულობით შესაძლებელი გახდება აღნიშნული ისტორიული ტაძრის გადარჩენა და მისი დაცვა მომავალი თაობებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საგუბერნიო ციხის ნგრევა კომპანიამ გუშინ, 14 თებერვალს დაიწყო, ციხის ადგილას საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმება.
ავტორი:




16:16
14:41
11:37
06:00
19:04
















