ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის დაჯარიმების საქმე განიხილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის და ქუთაისის მერიის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს და მტკიცებულებები წარმოადგინეს. პროცესს მოსამართლე დარინა აბულაძე უძღვებოდა.
მერიის ინტერესს იურისტები ზვიად წაქაძე და ვამეხ ბეროძე წარმოადგენდნენ. ზვიად წაქაძის განცხადებით, მერიამ რეაგირება დარღვევის ფაქტზე კანონშესაბამისად მოახდინა და გამოწერა ჯარიმა.
დაცვის მხარის ინტერესს არასამტავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ადვოკატი ედვარდ მირიკაშვილი იცავდა. მისი თქმით, უნდა გამოირკვეს, რეალურად ჩაიდინა თუ არა გია გოქაძემ დანაშაული, რადგან კანონი კრძალავს ნახატის და წარწერების შესრულებას და არ იკითხება, რომ აკრძალულია სტიკერის დაკვრა. მისი თქმით, გია გოქაძის ქმედება არის გამოხატვის თავისუფლება და ის ახდენდა მოქალაქეების ინფორმირებას, მერიის ქმედება არის მცდელობა შეწყვიტონ ადამიანებმა კრიტიკული განცხადებების გაკეთება.
გია გოქაძის განცხადებით, მათი ორგანიზაცია აქტიურია და მერია აპირებს შეაჩეროს მათი მუშაობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოზე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი 25 თებერვალს გახდება ცნობილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი