"სექტემბერში დაიწყება უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის დანახვაც ყველას შეეძლება"- ვახტანგ ცაგარელი
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში გეოლოგიური სამუშაოების ბოლო ეტაპი ხორციელდება- განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში "ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.
მისივე განაცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა უშუალოდ სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი მოხდება არხის და ჭაობის გაწმენდა. ცაგარელის თქმით, ადგილზე რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ გერმანელი არქიტექტორები, რომლებიც საქმეში უკვე ჩაერთნენ.
"ამ ეტაპზე სრულდება წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობდა გეოლოგიურ სამუშაოებს და ანალიზს. ასევე მიმდინარეობს სამი შენობის პროექტირება, იმ დრომდე იყო მასტერ გეგმა, ახლა კი კონკრეტული პროექტი მზადება, რის შემდეგაც დაიწყება მშენებლობა. წინა კვირას გვყავდა გერმანელი არქიტექტორები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთნენ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაში. ქუთაისში მშენებარე საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის უნივერსიტეტის სტანდარტებზე იქნება მორგებული. ძირითადად, სამი ფაქტორი განისაზღვრება, გეოლოგია-ანალიზი, არქიტექტურა და მშენებლობა, რომელიც უშუალოდ სექტემბერში დაიწყება",-განაცხადა ცაგარელმა.
"ნიუპრესის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ დახვდა. ადგილობრივების განცხადებით, ტექნიკა მუშაობს, თუმცა იშვიათად.
"ხანდახან ისმის მძიმე ტექნიკის ხმა, თუმცა შესასვლელთან ახლოს ტრაქტორები არ არიან, ალბათ, ტყეში მუშაობენ. რაც შეეხება ჭაობს, ამ დრომდე დამშრალი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯერჯერობით რაიმე საიმედო სამუშაოები არ დაწყებულა",-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ნანა ხარაბაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ ცაგარელი ამბობს, რომ უშუალოდ მშენებლობა სექტემბერში დაიწყება.
"შესაძლოა, ამ ეტაპზე, თვალით ხილული სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა დიდი ხანია მუშაობა დაწყებულია. ჯერჯერობით ვახორციელებთ დაგეგმარების და ნებართვების სამუშაოებს. სხვა სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, ეს არის არხის და ჭაობის მოწესრიგება, რომლისთვისაც, სავარაუდოდ, გერმანულ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. ასევე, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან გვექნება ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების დოკუმენტი და უკვე სექტემბერში უშუალოდ დაიწყება მშენებლობა, რომლის დანახვაც ყველას შეეძლება",-განაცხადა ცაგარელმა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გასულ წელს გაიმართა. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში იწყება კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა.
ქუთაისის ახალი უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას და აღჭურვას 1 მილიარდი ევროთი აფინანსებს ფონდი „ქართუ.“ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში, 140 ჰექტარზე გაშენდება საქართველოს უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელსაა დაგეგმილი.
მას შემდეგ საუნივერსიტეტო ქალაქის სამუშაოების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე რეალური მშენებლობა არ დაწყებულა. ამ ფაქტების გათვალისწინებით ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი