ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 1 მილიონ 118 ათასი ლარით ფინანსდება
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მიმდინარე წელს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 1 მილიონ 118 ათასი ლარით ფინანსდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროდან "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას აცნობეს.
"გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ განათლების სამინისტროდან დიდი ხნის დაგვიანებით მივიღეთ პასუხი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ხარჯების შესახებ, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ამ ჭაობისა და ბაყაყების შესანახად ბიუჯეტიდან წელს გამოყოფილია 1 მილიონ 118 ათასი ლარი. რექტორს ნამდვილად ყავს აპარატი და თანამშრომლები. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ იფლანგება ბიუჯეტიდან მილიონები ჭაობის შენახვაზე, მაშინ როდესაც ერთი აგურიც კი არ დადებულა მშენებლობისთვის"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია და სოციალურ ქსელში სამინისტროდან მიღებულ წერილს ასაჯაროებს.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტიდან ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის გამოყოფილი თანხა 1118000 (ერთი მილიონ ასთვრამეტი ათასი) ლარია, ხელშეკრულებით აყვანილია სამი თანამშრომელი: მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ხელფასი -2500 ლარი, ბუღალტერი - 1000 ლარი, შესყიდვების თანამშრომელი - 1000 ლარი.
შეგახსენებთ, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორატისთვის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გაააპროტესტეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე