ქუთაისის "ტორპედომ" ლოგო და ფორმის დიზაინი შეცვალა
ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი ლოგოსა და მაისურის პრეზენტაცია მოაწყო. ქუთაისურ კლუბს ადიდასის ეკიპირება და სამი ფერის ფორმა - შავი, თეთრი და ყვითელი ექნება. ასევე ეყოლება ახალი ავტობუსი, საიტი და ტელევიზია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
პრეზენტაციაზე კლუბის მესაკუთრემ გასული წელი შეაჯამა და 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა.
ზაალ ჩაჩავას თქმით, "ტორპედო" სამი ლეგიონერის დამატებას აპირებს.
„დღეს ახალი მაისურები და ლოგო წარვადგინეთ. მოვაწყვეთ ახალი, ევროპული დონის ბაზა, ასევე გავაკეთეთ ინტერნეტ ტელევიზია. იგეგმება სამი ლეგიონერის დამატება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. 2018- ში უკვე აკადემია გვექნება. იმერეთიდან აკადემიის არ ქონის გამო ფეხბურთელები თბილისში მიდიოდნენ. ორი მოედანი გვექნება დამატებით და ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ. ერთი ლეგიონერი საფრანგეთიდან მოდის, ერთი თურქეთის კლუბში თამაშობდა, მესამეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“,- განაცხადა ჩაჩავამ.
ტორპედოს განახლებულ ლოგოზე დიზაინერმა რუსუდან დაუშვილმა იმუშავა. პრეზენტაციას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდა.
"ტორპედოს" სპონსორი ერთი წლით "კრისტალბეთი" გახდა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე