|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტორპედოს ყიდვას "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ აპირებს

ქუთაისის ტორპედოს ყიდვას "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ აპირებს. ამის შესახებ კომპანიის  დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა აიეტ კუკავამ განაცხადა.

მისივე თქმით,  კომპანია „ტორპედოს“  შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვეა, აგროვებს. 

„ნახევარ წელზე მეტია ქუთაისის „ტორპედოს“ ირგვლივ ინფორმაციების მოძიების, თემის შესწავლის და ანალიზის პროცესში ვართ. ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი, მოვამზადეთ კონცეფცია და ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათი მხრიდან ამ თემის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. საკმარისია ითქვას, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე საგარანტიო თანხად 7 მილიონი დოლარიც კი დაგვიდეს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კლუბის მმართველობაში ჩვენი შესვლის თაობაზე. შევხვდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელსაც გავაცანით ჩვენი გეგმები. შეხვედრამ ძალზე კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა და ბატონმა ლევანმა ყოველგვარი დახმარების პირობა მოგვცა. ამას გარდა, უკვე დავუფიქსირეთ ჩვენი ინტერესი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს. ორივე ამ უწყებაში პირველი პირების დონეზე არიან ინფორმირებულები. გვქონდა შეხვედრები რეგიონის ხელმძღვანელობასთანაც, რომლებიც ასევე მიესალმნენ ჩვენ ინიციატივას“, – ამბობს აიეტ კუკავა.

მისი თქმით, კლუბში მისვლას უახლოეს პერიოდში იმედოვნებს.

„ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ კლუბის მართვაში, რათა ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა და დავიწყოთ სწრაფი განვითარება. გვსურს, ყველა დავალიანება გავისტუმროთ და ამ სეზონშივე, სექტემბრამდე მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ევროზონის ადგილისათვის იბრძოლებს. მესმის, რომ ვიღაცას ეს შეიძლება ძალზე ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, რადგან ამ ეტაპზე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მაგრამ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და ჩვენ სიტყვებს ჰაერში ნამდვილად არ ვისვრით“.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდში სოლიდურ ინვესტიციებს დააბანდებს.

„პირველ ეტაპზე ჩვენი ინვესტიციების მოცულობა 20 მილიონ დოლარამდე იქნება და ქართულ საფეხბურთო რეალობაში ამ ფინანსებით რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, ამას ყველას დავანახებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა – 5-წლიან პერსპექტივაში გავიყვანოთ ქუთაისის „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის ტოპ-10-ში და ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ სიტყვებზე. მთავრობისგან მხოლოდ ერთ დახმარებას ვითხოვთ – დროზე გადმოგვცენ კლუბი და დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ!“

ცნობისთვის, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ფინანსური საინვესტიციო კომპანია, რომელსაც უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში უკვე 700 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი აქვს დაბანდებული (საბანკო-საფინანსო, ტექნოლოგიურ, კომუნიკაციების, უძრავი ქონების, ტურისტულ, ენერგეტიკის და განათლების სექტორებში), ფეხბურთშიც აპირებს შესვლას.

 

 წყარო.1tv.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა