ქუთაისმა ევროკავშირის პროგრამის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა
ქუთაისმა ქალაქის მომავლის ახლებურად გამოსახვისადმი მიძღვნილ პირველ ურბანულ ფორუმს -„Show&Tell (მაჩვენე და მიამბე)“ უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში ჩატარდა.
კონფერენცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის - “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერი ტიბო შარლე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, M4EG რეგიონული მენეჯერი თინა სტოუმი, M4EG პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი, M4EG ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი ოთარ კონჯორია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები 5 ქვეყნიდან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალური განვითარების ახალ გზებზე მსჯელობას, მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესაძლებლობებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებენ გამოწვევების საპასუხოდ.
„დღეს, ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, ვუმასპინძლეთ ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ რეგიონულ ფორუმს- „Show&Tell (მაჩვენე და მიამბე)“, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტების ტრანსფორმირებისკენ, მუნიციპალური განვითარების ახალი გზებით. ქუთაისი არის ერთ-ერთი გამარჯვებული აღნიშნული საგრანტე კონკურსის ფარგლებში და მიიღებს 225 000 ევროს იმისთვის, რომ გახდეს „ეკო სმარტ ქალაქი“.
„მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი“ ჩვენი ქალაქისთვის რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს - ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური ტრანსპორტი, მწვანე ქალაქის კონცეფცია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ინოვაციური გზებით, ისე, რომ ქუთაისი უკეთ მოერგოს მომავლის მოთხოვნებს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის გუნდმა უკვე შეიმუშავა პილოტური გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენს ქალაქში ცხოვრება იქნება ბევრად უფრო კომფორტული. ჩვენი გუნდის მიერ გაწეული მუშაობა შეფასდა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო. ასეთი შეხვედრები კარგი შანსია ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად, ამასთანავე , სხვა მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. მადლობა მინდა ვუთხრა UNDP-ის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს, რომლებმაც ქუთაისს ეს შანსი მისცეს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
კონფერენციაზე პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფების წევრებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) არის M4EG ინიციატივის ნაწილი, რომელიც დაიწყო და ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2017 წლიდან. მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) იმართება გაეროს განვითარების მიერ 2021 წლიდან, ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში.
ავტორი: ნიუპრესი