"ქუთაისმა ისევ აიღო თავის თავზე ამ პიესის გაჟღერება"–პრემიერა ოპერაში
"ქუთაისმა ისევ აიღო თავის თავზე ამ პიესის გაჟღერება"–განაცხადა რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, კლდიაშვილის ნაწარმოები ყოველ ეპოქაში საინტერესოა და ამავდროულად რთულიც.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 50-ე თეატრალური სეზონის მორიგი პრემიერისთვის ემზადება. ხვალ ოპერის სცენაზე კომპოზიტორის გიორგი ჩლაიძის ოპერა „დარისპანის გასაჭირი“ ახალი ვერსიით გათამაშდება. ვარლამ ნიკოლაძის ლიბრეტო, დავით კლდიაშვილის ერთსახელიანი პიესის მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლი შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ ლევან ჯაგაევის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორმაისტერ ირინე ლომინაძის შემადგენლობით შექმნა. მასში სრულად ოპერის თეატრის მსახიობები თამაშობენ. მსახიობების განცხადებით, მათთვის საინტერესოა კლდიაშვილისეული გმირების თანამედროვეობაში გაცოცხლება.
"ოპერის ახალი ვერსია, რომელიც ამჯერად იქნება წარმოდგენილი, გიორგი ჩლაიძემ შექმნა 2010 წელს. ოპერის პარტიტურა მნიშვნელოვნად გადახალისდა, დაემატა ქალთა გუნდი, დარისპანის ორიარიისთვის – „დარისპანის ჩივილი“ და „დარისპანის მოთქმა“. დაიწერა ახალი მუსიკალური მასალა, მიმიკური პერსონაჟი ოსიკო კომპოზიტორმა გაიაზრა ტენორად, რომელსაც საკუთარი სრულფასოვანი სასიმღერო პარტია აქვს. კლდიაშვილის შემოქმედება ყოველთვის საინტერესოა, არაჩვეულებრივი მწერალია და უკვადი ნაწარმოები შექმნა, მათ შორის "დარისპანის გასაჭირი". გიორგი ჩლაიძემ განაახლა ოპერა და თანამედროვეობის ერთ–ერთ საუკეთესო ოპერად აქცია. ქუთაისმა ისევ აიღო თავის თავზე მისი გაჟღერება. მასზე სექტემბრიდან დაიწო მუშაობა. რთულია, მაგრამ დაძლევადი იყო და მგონი გამოგვივიდა"–განაცხადა მაია გაჩეჩილაძემ.
გიორგი ჩლაიძის ოპერის „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერა 1977 წელს ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა. ეს იყო თეატრის პირველი საკუთარი ქმნილება, რომელიც ქუთაისის საოპერო სცენაზე დაიბადა კომპოზიტორისა და თეატრის შემოქმედებითი თანამეგობრობის შედეგად.
„დარისპანის გასაჭირის“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი