|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 26 მაისი რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება

ქუთაისში 26 მაისს რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე 10:00 საათიდან გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მერიამ 9 625 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული "ახალგაზრდული ცენტრია", რომელიც სამუშაოებს 7 000 ლარად შეასრულებს. მერიის კულტურის გამყოფილების მიერ პროგრამა ამ დრომდე ზუსტდება, თუმცა, ცნობილია ის ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდებული ტენდერის ფარგლებში შესრულდება.

 ღია ცის ქვეშ, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში გამოიფინება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოები, ასევე წარმოადგენენ  ცისფერყანწელთა თემაზე პერფომანს. ცენტრალურ ბაღში წარმოდგენილი იქნებიან პანტომიმის თეატრის მსახიობები.

გაიმართება საბავშვო წარმოდგენა პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟებით, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ნიღბებით შემოსილი პერსონაჟები. პროგრამის ფარგლებში მსახიობთა მიერ წარმოდგენილი იქნება აკაკი წერეთლის ცხოვრების ერთი დღე, ასევე განასახიერებენ პირველ ქართველ კინემატოგრაფისტის, ვასილ ამაშუკელის ცხოვრების ფრაგმენტებს. მოეწყობა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

მომღერალ მამაკაცთა კვარტეტი შეასრულებს ქალაქურ სიმღერებს.

26 მაისს წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია  გელათში გაიმართება. 

პროგრამა ცისფერყანწელთა ქუჩაზე გალა-კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი