არასრულწლოვანებს ტატუს მშობლების ნებართვის გარეშე უკეთებენ
იცავს თუ არა მოქალაქეებს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიულ ნორმებს ადგენს?
მთავრობის #473 დადგენილებით, კანონდამრღვევი დაისჯება, თუმცა საგულისხმოა, რომ არ ხდება კანონდამრღვევთა გამოაშკარავება. ხშირად უმოქმედოდ დარჩენილი კანონის გამო მოქალაქეები გაუთვითცნობიერებლად ზარალდებიან.
ერთ-ერთი დაზარალებული „ნიუპრესს“ დაუკავშირდა. ხატია შოთაძის განცხადებით, მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ტატუ მისი ნებართვის გარეშე გაიკეთა.
„მეგონა, კანონი მიცავდა და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და სკოლაში დადის. ბოლო დროს დაიწყო საუბარი ტატუს შესახებ. ამბობდა, რომ უნდოდა სხეულზე რაიმე დაეხატა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი და ვეუბნებოდი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე არაფერი გაეკეთებინა. მოზარდია და მესმოდა, რომ წინააღმდეგობას გამიწევდა, მაგრამ იმედიანად ვიყავი და მეგონა, რომ კანონი დამიცავდა. ვფიქრობდი, მცირეწლოვანს მშობლის ნებართვის გარეშე ტატუს არავინ გაუკეთებდა. ერთ დღეს კი ჩემი შვილი გამომეცხადა და მაჩვენა ხელზე უზარმაზარი ტატუ. შოკი მივიღე, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ნებართვის გარეშე დათანხმდნენ“,-აცხადებს ხატია შოთაძე.
მისი თქმით, ვერ დაადგინა სალონის მისამართი, სადაც მშობლის გარეშე არასრულწლოვანს ტატუ გაუკეთდა.
„იმდენად ავნერვიულდი, რომ ჩემს შვილს შეეშინდა და არ მითხრა, სად გაიკეთა. არ უნდა, მითხრას მისამართი, რადგან ეშინია მოსალოდნელი გართულების. რომ გავიგო, აუცილებლად ვუჩივლებ. რატომ არავინ აკონტროლებს, რამდენად კანონიერად ხდება ამ პროცესების შესრულება“, - აცხადებს ხატია შოთაძე.
მისი თქმით, ვინაიდან ვერ გაარკვია, სად გაიკეთა მისმა შვილმა ტატუ, ორმაგი რისკის ქვეშ არის, რადგან არ იცის, მოხდა თუ არა ჰიგიენური ნორმების დაცვა, რასაც შესაძლოა, გართულება მოყვეს. მომხდარის გამო კი პასუხს ვერავის მოსთხოვს.
არასრულწლოვანთათვის ტატუს გაკეთება მშობლის ნებართვის გარეშე რომ დასჯადი ქმედებაა, ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი. თეონა გორდაძის განცხადებით, კანონში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს ასაკის დაფიქსირება, რაც მიანიშნებს იმას, რომ არასრულწლოვნებზე შეზღუდვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი დაისჯება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი აწესებს ტატუირებასთან დაკავშირებულ ნორმებს. თუმცა იშვიათად ნახავთ სათანადოდ აღჭურვილ სალონს.
თემაზე მუშაობისას რამდენიმე სალონს ვეწვიეთ. ქუთაისში ტატუს სპეციალისტები ძირითადად სილამაზის სალონებში მუშაობენ. მათ მცირე ფართზე ღია სივრცეში აქვთ განთავსებული აპარატურა. სალონებში მისულებს ტატუს სპეციალისტები არ დაგვხვდნენ. სალონში მომუშავე სხვა თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ სპეციალისტებს ტელეფონით უნდა დავუკავშირდეთ და მოვლენ, რადგან სხვა ადგილებზეც მუშაობენ. კლიენტებთან შეთანხმებაც ამგვარად ხდება. ჩვენც ქალაქში გამოკრულ განცხადებაზე დატანილ ნომერზე დავრეკეთ და ამგვარად შევათანხმეთ შეხვედრა.
ტატუს სპეციალისტი გიორგი ქათამაძე გვიდასტურებს, რომ არასრულწლოვანთათვის ტატუს გაკეთება კანონის დარღვევაა და რომ მხოლოდ მეურვის ნებართვით უნდა მოხდეს სხეულის მოხატვა. მას საკუთარი სალონი აქვს. ამბობს, რომ თავად არ ემსახურება არასრულწლოვანებს. რას შეეხება სალონის მუშაობას, ამისათვის არანაირი ლიცენზია საჭირო არ არის. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურვილი აქვს, შეუძლია სალონის გახსნა, ან სახლში კლიენტების მომსახურეობა.
ჩვენი რესპოდენტი მთავარ მოთხოვნად სისუფთავეს და ჰიგიენის ნომრების დაცვას თვლის.
„მთავარია ჰიგიენის დაცვა, რომ არ მოხდეს ინფიცირება. ჩვენ ამ მოთხოვნებს მკაცრად ვიცავთ. ნემსი ერთჯერადად გამოიყენება. არასრულწლოვანი, რომელიც მეურვის გარეშე მოვა, არ ვემსახურებით“, -აცხადებს გიორგი ქავთარაძე. მისი თქმით, ხდება მომხმარებელთა სახელის, გვარის, მისამართის დაფიქსირება, რადგან გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა აიღონ.
აღსანიშნავია, რომ ტატუს სალონებში არ ხდება ექიმის ცნობის მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. უმეტესად, სპეციალისტები ისე თანხმდებიან მომხმარებლებს სხეულის მოხატვაზე, არ იციან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვთ თუ არა ალერგია რაიმე პრეპარატის მიმართ. ისინი მხოლოდ მომხმარებელთა კეთილსინდისიერებას ეყრდნობიან.
„როდესაც კლიენტი დარწმუნებულია, რომ არ აქვს ალერგია, ამის შემდეგ ვხატავთ“,-აცხადებს ქავთარაძე. მისი თქმით, მსურველები ძირითადად გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები არიან. ხშირად სტუმრობენ, როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები. ნახატის ფასი 15 ლარიდან იწყება და ზომებით განისაზღვრება. რაც შეეხება ტენდენციას, ხშირად ნახატი მეორდება მიმბაძველობის გამო, ჭარბობს რელიგიურ მოტივებზე შექმნილი ტატუ, ასევე გუნდებისა და ჯგუფების ლოგოები და წარწერები, სახელები, ფლორისა და ფაუნის თემები.
ჩვენთან საუბარში არასრულწლოვნები არ მალავენ, რომ ტატუ მშობლების ნებართის გარეშე გაიკეტეს. ზოგს არც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამისათვის მშობლის ნებართა სჭირდებოდათ.
შესაძლებელია არასასურველი ნახატის მოშორებაც, რომელიც გაცილებით შრომატევადი, ძვირი და მტკივნეულია. მოშორება ხდება ლაზერით და საკმარისი არაა მხოლოდ ერთი ვიზიტი. მიმდინარე წელს მთავრობის ინიციატივით პრობაციონერებსა და ყოფილ პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ, ტატუ უფასოდ მოიშოროს. სხვა მოქალაქეებს კი საკუთარი „სურვილის“ წაშლა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
არ არსებობს სტატისტიკა, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა ტატუს მოხატვისა და მოცილების პროცედურით. არც ისაა ცნობილი, ამათგან რამდენია არასრულწლოვანი და რამდენ შემთხვევაში მოხდა გართულება. ვიდრე კანონის გვერდის ავლა შესაძლებელია, ბევრი მოზარდი დგას ცდუნებისა და საფრთხის წინაშე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი