ასსაფეხურიანი კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მორიგი პრეტენდენტი გამოჩნდა
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის მიზნით ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების რეალურ პრეტენდენტად შპს ლამოდერნა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტენდერს ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილი გამოეთიშა.
საჩხერელ ინდმეწარმეს, რომელსაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 595 041 ლარი ქონდა დაფიქსირებული, საკმარისი კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და დისკვალიფიკაცია განიცადა. შპს ლამოდერნამ კი სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნა შედარებით მაღალი ფასის - 614 ათას ლარის სანაცვლოდ გამოთქვა.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 აპრილს დასრულდა. ამ დროისათვის შპს ლამოდერნამ მითითებულ ვადაში სამუშაოების შესრულების გეგმა - გრაფიკი უნდა წარადგინოს.
ტენდერის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვე არის მითითებული.
სამუშაოებისათვის საჭირო პროექტი მერიამ 30 ათასი ლარის სანაცვლოდ შეიძინა.
შპს ლამოდერნა თბილისში რეგისტრიტრებული ფირმაა, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად მონაწილეობს. გასულ წელს ამ კომპანიამ საჯარო სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა.
ავტორი: ნიუპრესი