"ქუთაისში აუღებელი სცენა უნდა იყოს"-რეზო თედორაძე
ქუთაისის მერიის ააიპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად რეზო თედორაძე დაინიშნა. თედორაძე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი პიროვნებაა და ააიპის დორექტორად მისმა დანიშვნამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. რეზო თედორაძე თავის საქმიანობასა და კულტურის ააიპში დაგეგმილ პროექტებზე "ნიუპრესს" ესაუბრა.
თედორაძის ინფორმაციით, ის 1988-1993 წლებში სანკტ-პეტერბურგში, კულტურის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. მან ასევე ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ტურიზმის განხრით დაასრულა და 1993-დან 2011 წლამდე მოსკოვში, ტურიზმის მიმართულებით მუშაობდა. მისივე თქმით, ასევე არის „ქართული ოცნების“ ქუთაისის 5 წევრიანი ბიუროს წარმომადგენელი და 7 არჩევნების პერიოდში ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი იყო.
„რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ მქონდა და მაქვს შეხება, თუმცა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება, თითქოს და პარტიულობის გამო ვარ ამ პოსტზე, სიცრუეა. არ უარვყოფ, რომ 7 საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი ვიყავი, ასევე ვარ ქუთაისის 5 წევრიანი ბიუროს შემადგენლობაში და ვამაყობ, რომ ვარ დიდი გუნდის წევრი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაქვს გამოცდილება კულტურის სფეროში და მინდა, არა მარტო პარტიას, არამედ ქალაქსაც გამოვადგე“,-აღნიშნა თედორაძემ.
ქუთაისის მერიის ააიპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში საქმიანობას რეზო თედორაძე ოფიციალურად ორშაბათიდან დაიწყებს. უკვე დაგეგმილია მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 6 თანამშრომლის ააიპში გადაყვანა.
„იურიდიულად ჯერ ააიპის ხელმძღვანელი არ ვარ, ბრძანება ორშაბათს მოვა, რის შემდეგაც რეორგანიზაციაც დაიწყება. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჯერ დამტკიცებული არ არის, მერიის მიერ განხილვის შემდეგ გვეცოდინება ბიუჯეტის ოდენობა“,-აღნიშნა თედორაძემ.
მისივე თქმით, სამომავლო გეგმებში ააიპში 6-7 წევრიანი კომისის შექმნა და ქალაქის გაღვიძება შედის.
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, 6-7 წევრიანი კომისიის შექმნას, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ რამე დეტალი არ გაგვეპაროს. ჩემი პირადი ამოცანაა ქალაქი იყოს ისეთი, როგორც ქუთაისს შეეფერება, ნამდვილი კულტურის კერა. დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება და იმის ნახევარი სტუდენტები რომ ჩამოვიდნენ, რამდენსაც ველოდებით, მძინარე ქუთაისი არ უნდა დავახვედროთ. უნდა შეძლონ დასვენების დღეებში გართობაც და სიამოვნების მიღებაც. როგორც იციან თქმა, აუღებელი სუფრაო, ისე უნდა იყოს ქალაქში აუღებელი სცენა. მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული ტიპის ღონისძიებებს სკოლებში ატარებენ და ისე გამოდის, თითქოს კულისებში დგანან, უნდა მოხდეს მათი გამოყვანა ქალაქში. ქუთაისში ტურისტულ მარშრუტებზე უნდა განთავსდეს ისეთი სცენები, რაც ჩამოსული სტუმრებისთვისაც სასიამოვნო იქნება. ქართული ტრადიციები და ფოლკლორი კულისებში არ უნდა იყოს",-აღნიშნა თედორაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების სამსახურის გაუქმების შემდეგ, ქუთაისში განსახორციელებელი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ა(ა)იპ "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების" პრეროგატივად იქცა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე